
კავკასიური სალამანდრა
ეს ამფიბია დასავლეთ საქართველოშიც ბინადრობს და ბორჯომის ხეობაშიც
რუბრიკა: ელ. სტატიები
გამყინვარების პერიოდებში, რომლებიც დედამიწაზე დათბობის პერიოდებს ენაცვლება, თბილი და უხვნალექიანი ადგილები იკუმშება და ე.წ. რეფუგიუმები წარმოიქმნება. რეფუგიუმებში ნარჩუნდება სიცოცხლე და შემდეგ თავიდან ვრცელდება დედამიწაზე. მათი ზუსტი ადგილის განსაზღვრა რთულია. აქამდე თვლიდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი რეფუგიუმი არსებობს – დასავლეთში, თურქეთის საზღვართან.
ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი, დავით თარხნიშვილი, კოლეგებთან ერთად, დიდი ხანია სწავლობს კავკასიურ სალამანდრას (Mertensiella caucasica). ეს ამფიბია დასავლეთ საქართველოშიც ბინადრობს და ბორჯომის ხეობაშიც. მეცნიერებმა მათი მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზი ჩაატარეს, რომლის შედეგად აღმოჩნდა, რომ დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის პოპულაციების დნმ-ებს შორის დაახლოებით 14% იყო განსხვავება. „მიტოქონდრიული დნმ-ის 1%-ით შეცვლას მილიონი წელი სჭირდება, გამოდის, რომ ეს პოპულაციები 14 მილიონი წელია ერთმანეთისგან იზოლირებულად ვითარდებიან“, – ამბობს თარხნიშვილი. სალამანდრებს გადასარჩენად რბილი კლიმატი ესაჭიროებათ, ამიტომ სავარაუდოა, რომ ბორჯომის ხეობის ტერიტორიაზეც არის ერთი რეფუგიუმი.