
მაჭანკალი
კუნსტჰალეს სარესტავრაციო ლაბორატორიაში ქართველი რესტავრატორები – ნანა მანაგაძე და ეველინა ქარსელი, გერმანელ კოლეგებთან ერთად, 6 თვე მუშაობდნენ კრანახის „მაჭანკლის“ და რუისდალის „ჩანჩქერის“ აღსადგენად
სამუზეუმო ექსპონატები არამხოლოდ საკუთარი პერიოდის შესახებ მოგვითხრობენ, ხშირად მათი თავგადასავალი სხავადასხვა ეპოქას მოიცავს. სწორედ ასეთი, განსაკუთრებული ისტორია აქვს გერმანელი მხატვრის, ლუკას კრანახ უფროსის (1472-1553) „მაჭანკალს“. 2006 წელს, კრანახის ახალრესტავრირებული ეს შედევრი ჰამბურგის კუნსტჰალეში (გერმანია) აღაფრთოვანებდა დამთვალიერებელს, მაგრამ საგამოფენო დარბაზში მოხვედრამდე, ბევრი რამ გადახდა თავს.
სურათი 1920 წელს სამხატვრო გალერეამ მუსიკათმცოდნე ყორღანოვისგან (ყორღანაშვილი) შეიძინა, თუმცა, ცნობა, თუ საიდან ჰქონდა თავად ყორღანოვს ეს ნამუშევარი, არ გაგვაჩნია. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1922 წელს საფრანგეთში გატანილ სამუზეუმო საგანძურთან ერთად, ლუკას კრანახის „მაჭანკალიც“ იყო: „საევაკუაციო განძეულით დატვირთულ 11 ყუთს… …შემატებია კიდევ ორ ჯოხზე გაკეთებული ერთი შეკვრა ეროვნული (სამხატვრო) გალერეის 18 სურათისა“. 1969 წელს ნამუშევარი მოსკოვის გრაბარის სახელობის სახელოსნოში სარესტავრაციოდ გაგზავნეს. 10-წლიანი ურთულესი სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ის ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა და მუდმივ ექსპოზიციაში განთავსდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ რესტავრაციის დროს, გვიანდელი გადაწერის ქვეშ გამოჩნდა ავტორისეული დამღა – ფრთოსანი გველი კბილებში ბეჭდით და თარიღი – 1548. 1994 წლის 27 ივლისიდან, „მაჭანკლის“ ისტორია განსაკუთრებით დრამატულად ვითარდება: მას შეიარაღებული თავდამსხმელები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან იტაცებენ. ათი წლის შემდეგ, 2004 წლის 18 მაისს სამართალდამცავები, ძლიერ დაზიანებული ფერწერული ზედაპირით, აბრუნებენ მუზეუმში ტილოს. საქართველოს მაშინდელი ელჩის, მაია ფანჯიკიძის უშუალო მონაწილეობით კრანახის შედევრი 450 წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ გერმანიას.

კუნსტჰალეს სარესტავრაციო ლაბორატორიაში ქართველი რესტავრატორები – ნანა მანაგაძე და ეველინა ქარსელი, გერმანელ კოლეგებთან ერთად, 6 თვე მუშაობდნენ კრანახის „მაჭანკლის“ და რუისდალის „ჩანჩქერის“ აღსადგენად. ქართველი რესტავრატორების პროფესიონალიზმმა აღაფრთოვანა გერმანელი კოლეგები. მახსოვს, კუნსტჰალეს დირექტორის ნახევრად ხუმრობით ნათქვამი სიტყვები: ვიცი, კრანახსა და რუისდალს აუცილებლად წაიღებთ, მაგრამ იქნებ, ცოტა ხნით თქვენი რესტავრატორები დაგვიტოვოთო. ქართულ-გერმანული პროექტი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რესტავრატორთა საქმიანობა. ეს პროფესია ძალიან ჰგავს მიკროქირურგიას, რადგან ხშირად რესტავრატორები ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან ამა თუ იმ ნაწარმოებს. სწორედ მათი დამსახურებით ბრწყინავდა „მაჭანკალი“ კუნსტჰალეს საგამოფენო დარბაზში. ბოლოს „მაჭანკალი“ 2014 წელს გამოიფინა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე, „სცენის მიღმა“, რომელიც ჩვენი რესტავრატორების, საზოგადოებისთვის ხშირად უხილავ საქმიანობას მიეძღვნა.