"მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია"
Yourshot - საქართველოს მოწვეული ჟიურის წევრები


"მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია"
Yourshot - საქართველოს მოწვეული ჟიურის წევრები
რუბრიკა: ფოტოკონკურსი

ნესტან ნიჟარაძე ფოტოგრაფიის ექსპერტი და კურატორია. ის საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის ისეთი დიდი ფოტოგრაფიული პლატფორმების დამფუძნებელია, როგორიც არის თბილისის ფოტო ფესტივალი (2010 ) და თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი (2017).
2007 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარების ხელშესაწყობად, სწავლობს ქართულ ვიზუალურ მემკვიდრეობას და ეწევა მის პოპულარიზაციას. არის რამდენიმე ათეული ქართველი, საერთაშორისო და რეგიონული ფოტოგრაფის გამოფენის კურატორი.
ნესტან ნიჟარაძის ერთ-ერთი პროფილი საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული ფოტოგრაფიის პოპულარიზაციაა. იგი, ასევე, არის რეგიონული მნიშვნელობის ფოტოგრაფიული ჰაბის კონცეფციის ავტორი. ფოტოგრაფიული ჰაბი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ქალი ფოტოგრაფების მხარდაჭერას; ახალი საგანმანათლებლო-არტისტული შესაძლებლობების შექმნას და მათ დეცენტრალიზაციას; რეგიონული ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის შესწავლასა და პოპულარიზაციას.
2017 წელს ნესტან ნიჟარაძე საფრანგეთის კულტურის სამინისტროს ხელოვნების რაინდის მედლით დაჯილდოვდა.

გურამ წიბახაშვილი ერთადერთი ქართველი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევარი National Geographic Magazine-ის ინგლისურეოვანი გამოცემის ყდაზე დაიბეჭდა (2002 წლის ოქტომბრის ნომერი). ის 1980-იანი წლებიდან აქტიურად მუშაობს და 100-ზე მეტ გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა, თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალ-გაზეთთან, არის არაერთი პრიზის მფლობელი და საავტორო ფოტოალბომისა თუ კატალოგის ავტორი.
გურამ წიბახაშვილი 1990-იანი წლებიდან აქტიურ ფოტოგრაფიასთან ერთად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობასაც – სხვადასხვა დროს ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კავკასიურ უნივერსიტეტში და ა.შ.
იგი გახლავთ კავკასიაში პირველი ფოტოჟურნალის „ფოტო ჟურნალი“ მთავარი რედაქტორი, არის გალერეა „კონტეინერისა“ და თბილისის ფოტოგრაფიის სახლის თანადამფუძნებელი. 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვადასხვა დროს იყო საფრანგეთის, შვეიცარიისა და ავსტრიის გაცვლითი პროგრამების მონაწილე – რეზიდენტი ხელოვანი.

ფერნანდო ხავიერ ურკიხოს ნამუშევარი (თუში მხედარი) დაიბეჭდა National Geographic Magazine – საქართველოს მიმდინარე წლის საიუბილეო ნომრის (ოქტომბერი) ყდაზე. იგი ერთ-ერთი ავტორია თუშეთის თემაზე შექმნილი ვრცელი სტატიისა „გზაზე“, რომელიც სათაო ოფისის მიერ National Geographic Magazine-ის საერთაშორისო გამოცემების მიერ მომზადებულ ერთ-ერთ საუკეთესო სტატიად (Best Edit) დასახელდა.
ფერნანდო ხავიერ ურკიხო ბუენოს აირესში დაიბადა და 6 სხვადასხვა ქვეყანაში: ესპანეთში, აშშ-ში, იტალიაში, ბელგიასა და ბრაზილიაში გაატარა ბავშვობა, საბოლოოდ კი მისი ოჯახი 1980 წელს პარიზში (საფრანგეთი) დაფუძნდა.
ფერნანდო 1984 წელს სალტადან უშუაიამდე (არგენტინა) ხუთთვიანი მოგზაურობისას დაინტერესდა ფოტოგრაფიით, რაც საბოლოოდ იქცა კიდეც მის პროფესიად. ის ძირითადად მუშაობს ლანდშაფტის, არქიტექტურის, პორტრეტისა და სტუდიური ფოტოგრაფიის მიმართულებით.
ფერნანდო ხავიერ ურკიხო სხვადასხვა დროს მუშაობდა საფრანგეთის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის არქიტექტურულ სააგენტოებსა და მუზეუმებში; თანამშრომლობდა საფრანგეთის გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალი წიგნისა თუ ჟურნალის შექმნაში, ასევე, მუზეუმებში, კულტურულ სივრცეებსა და კერძო გალერეებში გამართულ არაერთ გამოფენაში.
2001 წელს მან მიიღო „ქალაქი მილანის პრიზი“ თემაზე: „ურბანული ცხოვრება“.
2009 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან.