
მომაკვდინებელი სანახაობა
ფოტოგრაფს ხიფათი ღამურებით და გველებით სავსე გამოქვაბულის ნაცვლად გარეთ, ღია ცის ქვეშ ელოდა
რამდენიმე წლის წინ 100 000 ხილიჭამია ღამურას გადასაღებად უგანდის ერთ-ერთი გამოქვაბული შევარჩიე. აფრიკაში ღამურები ყველგან არიან, მაგრამ ეს განსაკუთრებული ადგილი იყო – გამოქვაბულის ორივე ბოლოდან შემოსული მზის შუქი თაღოვან დარბაზს კარგად ანათებდა. გამოქვაბულს დაბალი ჭერი ჰქონდა, ღამურები ახლოს იყვნენ და სურათების გადაღებაც გამიადვილდებოდა.
წინდახედულობა გამოვიჩინე და აირწინაღი გავიკეთე. იქაურობა მკვდარ ღამურებზე მონადირე პითონებით და ტყის კობრებით იყო სავსე, მაგრამ თუ ფრთხილად ვივლიდი, არაფერი მომივიდოდა. ასე მეგონა.
გარეთ რომ გამოვედი, უკვე ბინდდებოდა. აპარატურა ჩანთაში ჩავაწყვე და გიდთან ერთად უკანა გზას გავუდექი. ჭუჭყიანი და ქანცგაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ თავში ისევ ცოტა ხნის წინ გადაღებული სურათები მიტრიალებდა.
გამოქვაბულიდან ასიოდე ნაბიჯში ვიდექი, სათვალე და აირწინაღი რომ მოვიხსენი. უცებ საშინელი ხმაური ატყდა, თითქოს ათასობით ბლენდერი ერთდროულად აგრუხუნდა. გამოქვაბულიდან ამიაკის სუნით გაჟღენთილმა ქარმა დაუბერა. ღამურების გუნდი სანადიროდ გამოფრინდა.
ზევით ავიხედე და თვალზე ცხელი, ლორწოვანი გუანო დამეცა. თვალი ამეწვა. ვიცოდი, რომ „სველი კონტაქტი” ნაკბენივით საშიში შეიძლებოდა ყოფილიყო.
დიდი ხანია, რაც ცხოველებს ვუღებ სურათებს. როდესაც შენს კანქვეშ კრაზანების მატლები გამოიჩეკებიან ან ხორცისმჭამელი პარაზიტები ლეიშმანიოზით დაგაავადებენ, რის გამოც ქიმიოთერაპიის ერთთვიანი კურსის გავლა მოგიწევს, ხვდები, რომ დათვებსა და ლომებზე მეტად პატარა არსებების უნდა გეშინოდეს.
ბანაკში დაბრუნებისთანავე დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრში დავრეკე. მინდოდა გამეგო, რამე ხომ არ გადამედებოდა. სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოში სიჩუმე ჩამოვარდა. “იქ არ უნდა წასულიყავით”, მითხრა კაცმა. “ეგ გამოქვაბული მარბურგის კერაა”.
მარბურგის ვირუსი სიკვდილის საშინელი, ამაზრზენი ფორმაა. ჰემორაგიულ ცხელებას იწვევს (სისხლისგან იცლები, ყველა მხრიდან), როგორც ებოლა, უბრალოდ, უფრო მალე კვდები.
იოლად ვერ გაიგებ, შეგეყარა თუ არა მარბურგის ვირუსი. უნდა ელოდო. პირველი სიმპტომები სამიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში ჩნდება: ტკივილისგან თავი გისკდება, შინაგანი ორგანოები დაშლას იწყებს, ძლიერი ცხელების გამო თანდათან კარგავ ცნობიერებას. 90 პროცენტით მკვდარი ხარ. ამერიკაში ჩემი გადარჩენის შანსი გაიზრდებოდა. “სასწრაფოდ შინ დაბრუნდით”, მითხრა კაცმა, “სანამ ვინმეს გადადებთ”.
ნებრასკაში დაბრუნებულმა სახლში კარანტინი გამოვაცხადე, სხვენის ოთახში შევიკეტე, რომელიც ქუჩას გადაჰყურებდა. ცხოვრებაში პირველად თავზარდაცემული ვფიქრობდი სიკვდილზე. გარეთ მზე ანათებდა, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ნაგვის მანქანა დაგრუხუნებდა. დილაობით ძაღლი სახლთან მოსულ ფოსტალიონს უყეფდა. სამყარო ისე იქცეოდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. “ნუთუ აზრზე არ არიან, რა ხდება აქ?” ვფიქრობდი მე. “რა თქმა უნდა, არა. რამე რომ იცოდნენ, მთელ ქვეყანას მოსდებდნენ ამბავს”.

ოჯახის წევრებს ვერ ვეკარებოდი. ჩემი ქალიშვილის დაბადების დღეს გვერდითა ოთახიდან ვუყურებდი. საჭმელს კართან მიტოვებდნენ. არც მქონდა ჭამის თავი. მთელი დღე ვიჯექი და ვფიქრობდი: სიცხე მაქვს? თავი მტკივა? კი. შეიძლება. შეიძლება არა. დღეში 50-ჯერ ვიზომავდი სიცხეს. ცხელების პირველივე ნიშნებზე საავადმყოფოში უნდა წავსულიყავი, სადაც, უარყოფითი წნევის ოთახში მომათავსებდნენ. წარმოვიდგენდი, როგორ დამხუფავდნენ იქ.
აქამდე ალბერტინის რიფტულ ხეობაში (აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის დასავლეთ განშტოება) მოგზაურობა შთამბეჭდავი თავგადასავალი იყო. ცხოველთა წყალსასმელებსა და ლეშებზე ფოტოხაფანგები დავამაგრეთ. რამდენიმე სანტიმეტრიდან ვიღებდით ჰიპოპოტამების, აფთრების და ლეოპარდების სურათებს. ვერვეტი მაიმუნები პირდაპირ თეფშიდან მაცლიდნენ საუზმეს. სპილოები, ლომები და მთის გორილები თვალებს ბრაზიანად მიბრიალებდნენ – ჩემი ბრალი იყო, რაც შეიძლება ახლოს ვცდილობდი მისვლას.
ახლა კი ნებრასკაში, საკუთარი სახლის სხვენში ვიყავი გამომწყვდეული და დრო ნელა მიიზლაზნებოდა. მახსოვს, როგორ გადავაგდე საათი, ვეღარ ვიტანდი მის წიკწიკს. კიდევ ერთი გულისცემა, რომელიც არაფერში მჭირდებოდა. ვფიქრობდი, ჯეროვნად ვაფასებდი თუ არა ჩემს ოჯახს, ჩემს ცხოვრებას და იმ პრივილეგიას, რომლის წყალობითაც შემეძლო, უკანასკნელი ველური ადგილების შენარჩუნება ფოტოგრაფიის საშუალებით მეცადა. დღემდე არ მჯერა, რომ ამით ვშოულობ ფულს.
ოცდამეორე დღე დადგა, დაავადების ნიშნები არ ჩანდა. კარანტინი დასრულდა. აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ პირველად ვიჯექი სასადილო ოთახში. ჩემი ცოლი, ქეითი და ჩვენი სამი შვილიც იქ იყვნენ, ჩემს გადარჩენას აღვნიშნავდით. შემდეგ ვიღაცამ ბლენდერი ჩართო.
ოთახში სანადიროდ გამოსული ათასობით ღამურას ხმაური გაისმა. თვალები დავხუჭე, ყოველი შემთხვევისთვის.
ფოტოგრაფი ჯოელ სარტორე photo ark-ის დამფუძნებელია. National Geographic-ის ამ მრავალშრიანი პროექტის მიზანია, შეიქმნას ფოტოარქივი, რომელშიც ტყვეობაში მყოფი ყველა სახეობის ცხოველი იქნება აღბეჭდილი. ამ დროისთვის ჯოელ სარტორეს გადაღებული აქვს 8362 სახეობისა და ქვესახეობის პორტრეტი