
რიჩარდ ლიკი - მეცნიერი, ქველმოქმედი, ბუნების დამცველი და საზოგადო მოღვაწე
რუბრიკა: განცხადებები | სიახლეები
გარდაიცვალა სახელოვანი მეცნიერი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე რიჩარდ ლიკი. რიჩარდის მშობლებთან, ლუის და მერი ლიკის სახელებთან არის დაკავშირებული თანამედროვე პალეოანთროპოლოგიის განვითარება. მათ აღმოაჩინეს ადამიანის ევოლუციის კვლევისთვის უმნიშვნელოვანესი ნამარხები აფრიკაში. ლუის და მერი ლიკის სახელებთან არის დაკავშირებული მაიმუნების ქცევის შესწავლის მეთოდიც, რომელიც მეცნიერების პრიმატებთან ცხოვრებას გულისხმობს.
ლიკების ოჯახი აფრიკაში XX საუკუნის 30-იან წლებში გადასახლდა ბრიტანეთიდან. რიჩარდ ლიკი ნაირობიში დაიბადა და თავს კენიელად თვლიდა. ალბათ რთულია არ მოექცე ისეთი მასშტაბისა და გავლენის მქონე მშობლების ჩრდილში, როგორებიც ლუის და მარი ლიკები იყვნენ, თუმცა რიჩრდმა შეძლო და საკუთარი, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ყველა სფეროში, რომელსაც შეეხო. იგი თავად გახდა წარმატებული მეცნიერი და მონაწილეობდა ისეთ დიდ აღმოჩენებში, როგორებიცაა თავის ქალა ნომრით: KNM-ER 1470. ეს თავის ქალა ჰომო რუდოლფენსისის სახელითაა ცნობილი; მანვე აღმოაჩინა პარანტროპუსი (Australopithecus boisei) და სრული ჩონჩხი ნომრით: KMNM- WT15000, რომელიც „ნარიოკოტომეს ყმაწვილის“ სახელით არის ცნობილი და სხვ.
რიჩარდი იყო ქველმოქმედი და ბუნების აქტიური დამცველი. მან არაერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა წამოიწყო აფრიკის ველური ბუნების გადასარჩენად და, ამასთან ერთად, ებრძოდა კენიის ხელისუფლებაში გამეფებულ კორუფციას
იგი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა კენიის ეროვნულ მუზეუმს, ველური ცხოველების დაცვის სამსახურსა და კენიის პრეზიდენტის ოფისს. 1977 წელს მისი ფოტო ჟურნალ „ტაიმსის“ ყდაზე დაიბეჭდა.

ფოტო: დავით ლორთქიფანიძის პირადი არქივი
რიჩარდ ლიკი გამოირჩეოდა პრინციპულობით, შეუპოვრობითა და სიცოცხლის განსაკუთრებული სიყვარულით. ძნელი წარმოსადგენია ყველა ის სირთულე, რომელთა გადალახვაც მას თუნდაც მხოლოდ ჯანმრთელობის თვალსაზრისით მოუწია: 1993 წელს იგი მოყვა საჰაერო კატასტროფაში (არსებობს მოსაზრება, რომ ეს ავარია მოწყობილი იყო), რომლის შედეგად დაკარგა ორივე ქვედა კიდური, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დასჭირდა თირკმელების გადანერგვა, ხოლო უკანასკნელი რვა წელი ასევე გადანერგილი ღვიძლით მოუწია ცხოვრება.
მიუხედავად ყოველივე ამისა, იგი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ და წარმატებულ ადამიანად დარჩა, რომელიც კითხულობდა ლექციებს, დააარსა ტურკანას აუზის ინსტიტუტი (Turkana Basin Institute) და საფუძველი ჩაუყარა ახალ „კაცობრიობის მუზეუმს“ თავის სახლთან ახლოს, დიდ რიფტულ ხელობაში, კენიაში.
რიჩარდის ბიოგრაფია ჩემი თაობის მეცნიერების განსაკუთრებული ინსპირაციის წყარო გახლდათ. მე წილად მხვდა ბედნიერება, გამეცნო ლიკის ოჯახი, მეცხოვრა ლიკების მიერ შექმნილ საველე ბანაკში ტანზანიაში და მემუშავა ასევე გამოჩენილ მეცნიერებთან, რიჩარდის მეუღლე მივთან და ქალიშვილ ლუიზთან ერთად.
თავად რიჩარდს ადამიანისა და სამყაროს შემეცნების საკუთარი ფილოსოფია ჰქონდა, მისი ფართო ხედვა სცდებოდა მეცნიერების ჩარჩოებს და მასთან ყველა პროფესიული თუ მეგობრული საუბარი ჩემთვის დაუვიწყარია. უნდა აღინიშნოს, რომ მისი მრავალფეროვანი საქმიანობის ნაწილი გახლდათ მეღვინეობაც. მან 2000 წელს ნაირობისთან ახლოს ვენახები გააშენა და კენიაში საკუთარი ღვინის წარმოება დაიწყო, რაც ძალიან ეამაყებოდა. ჩვენი უკანასკნელი საუბარიც ღვინოს ეხებოდა, მე მოკრძალებულად ვუთხარი, რომ თუკი დმანისის ნამარხების წინაპრები აფრიკაში უნდა ვეძებოთ, თქვენი ღვინის წინაპარს საქართველოში თუ მივაკვლევთ-მეთქი, რამაც საკმაოდ გაახალისა. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი მისთვის საქართველოში მემასპინძლა.
რიჩარდ ლიკის ცხოვრება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდე და სწავლობდე მემკვიდრეობას, იცავდე ბუნებას და არასოდეს ნებდებოდე.