
რუსეთი და უკრაინა: გადახლართული ისტორია, რომელიც მათ აკავშირებს და აშორებს ერთმანეთისგან
საუკუნეების განმავლობაში სისხლისღვრის, უცხოელთა ბატონობისა და შიდა განხეთქილებების შედეგად უკრაინა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
რუბრიკა: განცხადებები | სიახლეები
მაშინ როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა მედიაში უმთავრესი განხილვის საგანია, ამ ორი მოდავე მეზობლის ერთმანეთთან გადახლართულ ისტორიაზე დაკვირვება გვაჩვენებს, თუ როგორ შეიქმნა ნიადაგი დღევანდელი კონფლიქტისთვის.
ორი ქვეყნის საზიარო წარსული დაახლოებით 1000 წლის წინ იწყება, როდესაც უკრაინის დღევანდელი დედაქალაქი კიევი, პირველი სლავური სახელმწიფოს, „კიევის რუსეთის“ ცენტრი იყო, სადაც იშვა უკრაინაც და რუსეთიც. ახ.წ. 988 წელს ვლადიმირ I-მა, ნოვგოროდის მთავარმა და კიევის დიდმა მთავარმა, მართლმადიდებლური ქრისტიანობა მიიღო და ყირიმის ქალაქ ხერსონესში მოინათლა. ზუსტად ამ მომენტიდან, როგორც რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, „რუსი და უკრაინელი ხალხი ერთი ხალხია, ერთი მთლიანობაა“.

თუმცა უკანასკნელი 10 საუკუნეა, უკრაინა ყოველ ჯერზე იყოფოდა სხვადსხვა სახელმწიფოების მიერ. მონღოლმა მეომრებმა აღმოსავლეთიდან კიევის რუსეთი დაიპყრეს XIII საუკუნეში, XVII საუკუნეში კი პოლონეთის და ლიტვის ჯარები შეიჭრნენ დასავლეთიდან. XVII საუკუნის პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და რუსეთის სამეფოს შორის ომის შედეგად მდინარე დნეპრის აღმოსავლეთი ტერიტორიები რუსულ იმპერიაში გადავიდა. აღმოსავლეთი მხარე „მარცხენა სანაპიროდ“ გახდა ცნობილი, დნეპრის დასავლეთი კი – „მარჯვენა სანაპიროდ“, რომელიც პოლონეთის მიერ იმართებოდა.
საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, 1793 წელს, დასავლეთ უკრაინა რუსეთის იმპერიის მიერ იქნა ანექესირებული. წლების შემდგომ დაიწყო ე.წ. რუსიფიკაციის პროცესი, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინული ენის სწავლის აკრძალვას და ხალხის ძალდატანებით გადაყვანას რუსულ მართლმადიდებლურ რწმენაზე.

უკრაინას ყველაზე დიდი ტრავმები XX საუკუნეში მიადგა. 1917 წლის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, უკრაინა იმ სხვა ქვეყნების სიაში იყო, რომლებმაც მძიმე სამოქალაქო ომი გაიარეს, სანამ ბოლომდე მიუერთდებოდნენ საბჭოთა კავშირს 1922 წელს. ადრეულ 30-იან წლებში უკრაინელი გლეხების კოლექტიურ ფერმებში ძალდატანებით გაერთიანების მოტივით, სტალინმა მოაწყო საყოველთაო შიმშილობა, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, შემდგომში კი აღმოსავლეთის რეპოპულაციის მიზნით ჩამოასახლა დიდი რაოდენობით რუსი და სხვა საბჭოთა მოქალაქეები, რომლებმაც არც ენა იცოდნენ და არც ბევრი რამ აკავშირებდათ ამ რეგიონთან.
მსგავსმა ისტორიულმა მოვლენებმა ბევრი ხარვეზი შექმნა. გამომდინარე იქიდან, რომ აღმოსავლეთ უკრაინა რუსული მმართველობის ქვეშ უფრო ადრეული პერიოდიდან იყო დასავლეთ უკრაინასთან შედარებით, მას უფრო მჭიდრო კავშირი ქონდა რუსეთთან. შესაბამისად, პრორუსულ ლიდერებს უფრო ირჩევდნენ, დასავლეთ უკრაინა კი საუკუნეების განმავლობაში ევროპული ძალაუფლების ქვეშ იყო, ხან პოლონურის, ხანაც – ავსტრო-უნგრულის, რის გამოც ისინი დასავლური ღირებულებების მქონდე ლიდერებს ირჩევდნენ. აღმოსავლეთ უკრაინელები უფრო რუსულად მოლაპარაკე მართლმადიდებლები არიან, დასავლეთში კი – უფრო უკრაინულად მოლაპარაკე კათოლიკეები.


1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაეცა, უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, თუმცა ქვეყნის გაერთიანება რთული აღმოჩნდა. როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში სტივენ პაიფერი ამბობს, უკრაინული ნაციონალიზმი არ იყო ისეთი ღრმა აღმოსავლეთ უკრაინაში, როგორც ეს იყო დასავლეთში. დემოკრატიასა და კაპიტალიზმზე გადასვლა მტკივნეული და ქაოსური აღმოჩნდა, ამიტომ აღმოსავლეთ უკრაინის ხალხი მანამდე არსებული მეტ-ნაკლები სტაბილურობისკენ მიისწრაფოდა.
„წყალგამყოფი ამ ორ მხარეს შორის არის ის, რომ ერთი მხარე რუსული იმპერიული და საბჭოთა მმართველობის მიმართ უფრო დადებითად არის განწყობილი, მეორე მხარეს კი ამას ხედავენ როგორც ტრაგედიას“, – ამბობს ადრიან კარატნიცკი, უკრაინის ექსპერტი და აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს წევრი. ეს ბზარები გამოჩნდა 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციისას, როდესაც ათასობით უკრაინელი გაერთიანდა ევროპაში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ.

ეკოლოგიურ რუკაზეც კი არის განსხვავება ორ მხარეს შორის. როგორც ჰარვარდის ისტორიის პროფესორი და უკრაინული კვლევის ინსტიტუტის დირექტორი სერჰიი პლოხი აღნიშნავს, სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში უფრო მეტი ნაყოფიერი სახნავ-სათესი ტერიტორიაა, ჩრდილოეთი და დასავლეთი უკრაინა კი ტყითაა დაფარული. იგი ამბობს, რომ სტეპისა და ტყის საფარის დემარკაცია რუკაზე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გამყოფი დიაგონალური ხაზი, „საოცრად ჰგავს“ 2004 და 2010 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების რუკებს.
ყირიმი 2014 წელს იქნა ოკუპირებული და ანექსირებული რუსეთის მიერ, რასაც აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონ დონბასში პრორუსი სეპარატისტების აჯანყება მოჰყვა, რამაც გამოიწვია ლუჰანსკისა და დონეცკის პრორუსული სახალხო რესპუბლიკების რუსეთის მხრიდან აღიარება. დღეს რუსეთი თავს ესხმის უკრაინას და ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

ამ სტატიის ზოგიერთი ნაწილი თავდაპირველად 2014 წლის ყირიმის კრიზისის დროს გამოქვეყნდა. სტატია განახლებულია მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით.