
სიცოცხლის რეზერვუარი | დავით თარხნიშვილი
დედამიწაზე სულ 36 ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია გამოყოფილი. ერთ-ერთი ცხელი წერტილი კი სწორედ კავკასიის რეგიონია
რატომ გადაწყვიტეთ, ეკოლოგი გამხდარიყავით?
ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და მაინტერესებდა ცხოველები. ამიტომ გადავწყვიტე, ეს ჩემს პროფესიად მექცია.
თქვენი აზრით, რატომ არის ეკოლოგია მნიშვნელოვანი?
ეკოლოგია, უხეშად რომ ვთქვათ, ბიოლოგიის ერთ-ერთი განხრაა. აკრედიტაციის სამსახურმა ის დისციპლინათაშორის ჯგუფში მოათავსა, თუმცა, ჩემი აზრით, ის ბიოლოგიის ნაწილად რჩება, კერძოდ, ეკოლოგია შეისწავლის ცოცხალ სისტემებს, რომლებიც იერარქიულად ორგანიზმზე მაღლა დგას.
ბიოლოგიის სხვადასხვა დარგი შეისწავლის უჯრედებს, ქსოვილებს, ორგანოებს, ორგანოთა სისტემებსა და ორგანიზმებს; ეკოლოგია კი – პოპულაციებს, მათ მიერ შექმნილ სხვადასხვა სტრუქტურებს, ორგანიზმთა თანასაზოგადოებებსა და ეკოსისტემებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეკოლოგია შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთობას ერთმანეთთან და არაცოცხალ გარემოსთან.
ეკოლოგია, როგორც მეცნიერება, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ, ადამიანები, ეკოსისტემის ნაწილი ვართ. იმისათვის, რომ ჩვენ და სხვა ცოცხალმა ორგანიზმებმა – მცენარეებმა, ცხოველებმა (მათ შორის შინაურმა ცხოველებმაც) ამ ეკოსისტემაში ცხოვრება შევძლოთ, საჭიროა, რომ ის გამართულად ფუნქციონირებდეს.
საჭიროა, კარგად ვიცნობდეთ ჩვენ გარშემო არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს, გვესმოდეს, თუ როგორ ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან და გარემოსთან, რათა უკეთ შევძლოთ ჩვენი გარემოს დაცვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გარემოს და გარემოში არსებულ ორგანიზმებს გავუფრთხილდეთ?
ამის ერთი მარტივი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ეს ორგანიზმები მოგვწონს – გვიყვარს ცხოველები და მცენარეები, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობენ. მეორე, უფრო საყოფაცხოვრებო მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ძლიერ ვართ გარემოზე დამოკიდებულნი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გარემოსა და მასში არსებულ ორგანიზმებზეა დამოკიდებული ჩვენი საკვების წყარო. ისინი განაპირობებენ ასევე ჩვენს დაავადებებს და ეპიდემიებს. მოკლედ, ყველანაირად ვართ გარემოზე დამოკიდებული – საკვებით დაწყებული და დამთავრებული ჰაერით, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ. ჰაერს ხომ ჟანგბადით მცენარეები ამდიდრებენ.
რა არის ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი, ე.წ. „ჰოთსფოთი“?
ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილები არის ისეთი ადგილები, სადაც ცხოველების, მცენარეების, სოკოებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების დიდი მრავალფეროვნება გვხვდება და, ამავდროულად, მათ, გარკვეული მიზეზების გამო, გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. ეს საფრთხე სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს მიზეზი შეიძლება ადამიანი იყოს, შეიძლება, ვთქვათ, კლიმატური პირობების ცვლილება. მთავარია, რომ მათ გადაშენება, პლანეტიდან გაქრობა ემუქრებათ, რაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის არასასურველია.
რას ნიშნავს რეფუგიუმი?
დღეს ჩვენ ვიმყოფებით გამყინვარების პერიოდში. ეს შეიძლება ბევრისთვის გასაკვირი იყოს, მაგრამ უკანასკნელი დაახლოებით 2,5 მილიონი წელია დედამიწა გამყინვარების (ე.წ. გლაციალურ) პერიოდშია, როდესაც ტემპერატურა პერიოდულად ძალიან დაბალ ნიშნულამდე დადის. ამ დროს ხმელეთის დიდი ნაწილი თოვლითა და ყინულით იფარება. ასეთი პირობები – დაბალი ტემპერატურა, შესაბამისად, დაბალი ტენიანობაც – ცხოველთა და მცენარეთა უმრავლესობისთვის არახელსაყრელია. ასევე არახელსაყრელია მათთვის მაღალი ტემპერატურა და ჭარბი ნალექიც. როდესაც დედამიწაზე პირობები უარესდება, გლობალურად მცირდება ბიომრავალფეროვნება. თუმცა, არის ადგილები, სადაც გარემო პირობები მეტ-ნაკლებად უცვლელი რჩება და მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნებაც კარგად ნარჩუნდება. ამ ადგილებს რეფუგიუმებს უწოდებენ.
როდესაც დედამიწაზე კვლავ ნორმალიზდება პირობები, ანუ ტემპერატურა და ნალექიანობა კვლავ ხელსაყრელი ხდება ცოცხალი ორგანიზმებისთვის, ისინი თავიდან ვრცელდებიან ამ რეფუგიუმებიდან და კვლავ მთელ პლანეტას ასახლებენ.
რა მნიშვნელობა აქვს კავკასიის რეგიონს ბიომრავალფეროვნების კუთხით?
დედამიწაზე სულ 36 ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია გამოყოფილი, მაგრამ მათი უმრავლესობა ტროპიკულ კლიმატურ ზონაში მდებარეობს. სულ რამდენიმე ზომიერ კლიმატურ ზონაში, და ერთ-ერთი მათგანი სწორედ კავკასიის რეგიონია. დასავლეთ კავკასია ერთ-ერთ რეფუგიუმს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი კლიმატური კატაკლიზმების დროს, მაგალითად გამყინვარების ხანაში, აქ გადარჩება სახეობების ძირითადი ნაწილი, ხოლო როდესაც გლობალური კლიმატი უკეთესობისკენ იცვლება, აქედან ცხოველები და მცენარეები ვრცელდებიან სხვა რეგიონებშიც. გამოდის, რომ კავკასიის მცენარეებისა და ცხოველების მრავალფეროვნების შემცირება მთელი დასავლეთი ევრაზიის ბიომრავალფეროვნების შემცირებას ნიშნავს.
არის თუ არა რეფუგიუმი საქართველოში?
დასავლეთ საქართველო, ზოგადად, რეფუგიულ ზონად ითვლება. ანუ ითვლება, რომ აქ ნარჩუნდება შედარებით ხელსაყრელი პირობები და, შესაბამისად, მცენარეთა და ცხოველთა სახეობრივი მრავალფეროვნებაც. ამ საკითხის დამატებითი კვლევები გვეხმარება გავარკვიოთ, კონკრეტულად რომელ ადგილებში ნარჩუნდებოდა (და, შესაბამისად, მომავალშიც, ალბათ, შენარჩუნდება) სახეობათა მრავალფეროვნება ყველაზე კარგად ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში. ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი, ათი წელია ვმუშაობთ ამ საკითხზე, ბევრი საინტერესო შედეგიც გვაქვს გამოქვეყნებული სპეციალურ სამეცნიერო ჟურნალებში.
რა გავლენას ახდენს ურბანიზაცია ბიომრავალფეროვნებაზე?
ურბანიზაცია, ზოგადად, უარყოფით გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. ქალაქის აშენებისას ადამიანი ჩეხს ტყეებს, ანადგურებს იმ საარსებო გარემოს, რომელიც აუცილებელია იქ გავრცელებული ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ვსპობთ ბუნებრივ ნიადაგს და ვაგებთ ზედ ბეტონსა და ასფალტს. ამის გამო, ცხადია, ამ ადგილებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობები ნადგურდება. რა თქმა უნდა, ბიომრავალფეროვნების ნაწილი გადარჩება და ეგუება ახალ გარემოს, მაგრამ ურბანული ბიომრავალფეროვნება, უმეტესად, ძალიან განსხვავდება იმ ადგილას ადრე არსებულისგან.
რა გავლენას ახდენს დანაგვიანება ბიომრავალფეროვნებაზე?
ეს საკმაოდ ფართო შეკითხვაა და მარტივი პასუხის გაცემა რთულია. გააჩნია, რას ვგულისხმობთ დანაგვიანებაში? დანაგვიანებაში ხშირად იგულისხმება რაღაც გარკვეული ქიმიური ნივთიერებების მოხვედრა გარემოში, სადაც ისინი ბუნებრივად არ გვხვდება. ეს შეიძლება იყოს პლასტმასა, წარმოების შედეგად ქარხნებიდან გარემოში მოხვედრილი ქიმიური ნარჩენები თუ სხვა რამ. ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურებაც. ზოგი სახის დანაგვიანება ძალიან მავნეა ორგანიზმებისთვის. ზოგიერთი – ნაკლებად.
ავიღოთ ცენტრალური ევროპა, გერმანია. იქ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბოლო პერიოდში მწერების სახეობრივი მრავალფეროვნება რამდენიმე ათეული პროცენტით დაეცა. ეს ძალიან ცუდია, რადგან ეს მწერები წარმოადგენენ ეკოსისტემის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ბუნებრივ ეკოსისტემაში სახეობები გარკვეულწილად აბალანსებენ ერთმანეთს. ამ ბალანსის დარღვევისას – რომელიმე სახეობის მწერის რაოდენობის შემცირებისას – შეიძლება დაიწყოს სხვა, მავნებელი მწერების მომრავლება. მნიშვნელოვანია, რომ „მავნებლობაში“ აქ მხოლოდ ადამიანისთვის მიყენებული ზიანი არ იგულისხმება. შეიძლება მომრავლდეს მწერი, რომელიც შემდეგ ხეების ხმობას გამოიწვევს. ამის გარდა, მწერები კვებით ჯაჭვშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. კონკრეტულად რამ გამოიწვია გერმანიაში მწერების ასეთი მკვეთრი კლება, რთული სათქმელია. სავარაუდოდ, აქ რამდენიმე მიზეზი ერთად მოქმედებდა და დანაგვიანება – ჰაერის ან ნიადაგის დაბინძურება, ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ჰაბიტატის (სახეობის საარსებო გარემო) განადგურება, ინვაზიური სახეობების გავრცელება და კიდევ ალბათ ბევრი სხვა მიზეზი.
რა გავლენას ახდენს ადამიანის ქმედებები გარემოზე?
ადამიანის ჩარევას ეკოსისტემის ფუნქციონირებაში ხშირად უარყოფითი შედეგი მოაქვს. ის ბევრ რამეს აზიანებს. კვლავ გერმანია ავიღოთ – იქ XVIII საუკუნის ბოლოსთვის ტყეები თითქმის სრულად გაიჩეხა. ამით ადამიანმა უზარმაზარი ზიანი მიაყენა სახეობრივ მრავალფეროვნებას და არა მხოლოდ მას – ტყეების ასეთი მასობრივი გაჩეხვა ისეთ მოვლენებსაც იწვევს, როგორიცაა, მაგალითად, მეწყერი. ისინი თავიანთ შეცდომას მიხვდნენ და განადგურებული ტყეების თავიდან, ხელოვნურად გაშენება დაიწყეს. ეს, ცხადია, უმოქმედობაზე უკეთესია, მაგრამ ზიანს სრულად მაინც ვერ გამოასწორებს. საქმე ისაა, რომ ადამიანის მიერ ხელოვნურად გაშენებული ტყეები ბევრად უფრო ნაკლებად მდგრადია, ვიდრე ბუნებრივი.
პირველ რიგში, თითქმის შეუძლებელია ხეების ისეთი მრავალფეროვნების შენარჩუნება, როგორიც ბუნებრივ ტყეში გვხვდება. ხშირად ხელოვნური ტყეები მონოკულტურულია ან რამდენიმე სახეობითაა წარმოდგენილი. სხვა მცენარეებიც, მაგალითად, ბუჩქები ნაკლებად მრავალფეროვანია ხელოვნურ ტყეში. არც ცხოველთა სახეობებია ხელოვნურ ტყეში ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც ბუნებრივში.
ამიტომ ხელოვნური ტყეები ბევრად უფრო მოწყვლადია, ვიდრე ბუნებრივი. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ თუნდაც თბილისში და მის შემოგარენში არსებული წიწვოვანი ნარგავები. აქ ფიჭვები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაირგა და კორომები მონოკულტურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ დომინირებს მხოლოდ ერთი სახეობა. მონოკულტურულობა ასუსტებს ეკოსისტემას და ამიტომაცაა, რომ ისინი მოწყვლადი არიან პარაზიტი მწერებისა და სხვა საფრთხეების მიმართ.
ტყეების გაჩეხვა და განადგურება საქართველოშიც დიდი პრობლემაა. როდესაც ტყეების გაჩეხვაზე ვლაპარაკობ, ამ ცნებაში ვაერთიანებ როგორც სამრეწველო ჩეხვას, ისე ე.წ. „სოციალურ“ ჩეხვასაც. ჩემი აზრით, ტყეებისთვის სულ ერთია, რას დავარქმევთ ამას. მთავარი ისაა, რომ ხეებს ვჭრით. ეს ჩეხვა ხშირად ტყის ფართობის შემცირებაში კი არ გამოიხატება, არამედ მის გამოხშირვაში. ტყის საერთო ფართობი უცვლელი რჩება, მაგრამ ხეები უფრო მეჩხრად დგას. ამ დროს მზის შუქი შეუფერხებლად აღწევს ნიადაგამდე, რაც ნიადაგის მცენარეულობას სრულიად ცვლის.
რას დაამატებდით ჩვენს ინტერვიუს?
ხალხმა ბევრი რამ უნდა იცოდეს ეკოლოგიასთან დაკავშირებით. ერთი ინტერვიუ ამაზე სალაპარაკოდ არ გვეყოფა.
შემიძლია ვთქვა, მაგალითად, დნმ ტექნოლოგიებზე (რომელიც, მაგალითად, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შექმნას უკავშირდება), რომელთა აკრძალვის წინააღმდეგი ვარ. ეს არის ტექნოლოგები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მოვიყვანოთ პარაზიტებისა და მწერების მიმართ მდგრადი, გამძლე კულტურები, მავნე სასუქების (მაგალითად, ნიტრატების) გამოყენების გარეშე. ცხადია, ამას შეიძლება გარკვეული უარყოფითი ან მოულოდნელი შედეგებიც ჰქონდეს, მაგრამ ზოგადად ვთვლი, რომ სასიკეთო ახალ ტექნოლოგიებს მეტი მოაქვთ, ვიდრე საზიანო.
ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის, როგორც მეცნიერების, განვითარება. ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუშაობა საშიშროებების პროგნოზირებასა და შემარბილებელი ზომების შემუშავებაზე. არსებობს ბევრი „ცხელი თემა“, რომელიც საზოგადოებას ზედაპირულად, გამარტივებულად მიეწოდება. ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება რეალური ფაქტების არასწორი გაგება მოჰყვეს. პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი და რთული საქმეა იმის გათვალისწინებით, რომ თემის გამარტივებისას ძირითადი აზრი შეიძლება დაიკარგოს.