
ამდენ ადამიანს არასოდეს უცხოვრია დედამიწაზე, მაგრამ ასეთი სურათი ნიღბავს ახალ რეალობას. ამ საუკუნეში ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ მოსახლეობის მაქსიმალურ რაოდენობას და დავიწყოთ კლება. ზოგიერთი ქვეყანა გააგრძელებს ზრდას, მაშინ როდესაც სხვაგან მოსახლეობა შემცირდება.
ჩვენ ახალ ნიშნულს მივაღწიეთ კაცობრიობის გზაზე. გაეროს მონაცემებით, შარშან ნოემბერში დაიბადა მერვამილიარდე ადამიანი. ჩვენი მოსახლეობა გაორმაგდა 50 წელიწადზე ნაკლებ დროში – მხოლოდ 1974 წლის შემდგომ პერიოდში.
ამ აფეთქების მიზეზები კარგადაა ცნობილი: მედიცინა, სანიტარიული პირობები და მოსავლიანობა მკვეთრად უმჯობესდება. შედეგად, ბავშვთა სიკვდილიანობა სწრაფად იკლებს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – მატულობს. გამოყენებითი სისტემური ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის (ავსტრია) დემოგრაფთა პროგნოზით, საუკუნის მეორე ნახევარში დედამიწის მოსახლეობა 9,4 მილიარდს გაუტოლდება, ხოლო ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის გათვლებით – 9,7 მილიარდს. გაეროს ექსპერტები ფიქრობენ, რომ შეიძლება 10,4-მილიარდიან ნიშნულსაც მივაღწიოთ.

მაგრამ ეს მონაცემები ნიღბავს ერთ უცნაურ ცვლილებას: როგორც ვარაუდობენ, 2050-2100 წლების შუალედში კაცობრიობის ზრდა უცებ შეჩერდება. „ყველა თანხმდება, რომ მსოფლიოს მოსახლეობა, დიდი ალბათობით, პიკს მიაღწევს საუკუნის დასასრულამდე“, – ამბობს პატრიკ გერლანდი, რომელიც კურირებს გაეროს დემოგრაფიული განყოფილების პროგნოზებს. დღეს ადამიანთა რაოდენობა კვლავ იზრდება, თუმცა ამჟამინდელი თაობის ბავშვები შესაძლოა პირველი ადამიანები გახდნენ უკანასკნელი ასობით ან ათასობით წლის განმავლობაში, რომლებიც შეესწრებიან დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის „გაყინვას“ ან კიდეც ვარდნას – თავისი რთულად გასააზრებელი და მძიმე შედეგებით.

პროგნოზების თანახმად, მომდევნო 25 წელიწადში მოსახლეობის ზრდის ნახევარზე მეტი წილი უნდა მიეწეროს აზიისა და აფრიკის მხოლოდ 8 ქვეყანას: პაკისტანი, ფილიპინები, ინდოეთი, ეგვიპტე, ეთიოპია, ტანზანია, ნიგერია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. თუმცა საუკუნის მიწურულისთვის მოსახლეობის რიცხოვნობა შეიძლება განახევრდეს 20-მდე სხვა ქვეყანაში – მათ შორის ტაილანდში, ესპანეთსა და იაპონიაში. რას ნიშნავს ეს ცვლილებები კაცობრიობისთვის? ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ ორი ქვეყნისგან, ორი განსხვავებული სამყაროსგან, რომლებიც დიამეტრულად საპირისპირო რეალობას აწყდებიან: ჩინეთი და ნიგერია.

გაეროს პროგნოზით, ამ წლის გარკვეულ მონაკვეთში ჩინეთი აღარ იქნება დედამიწის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა და მას ჩამოიტოვებს ინდოეთი. ჩინეთში შობადობა მცირდებოდა ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ქვეყანაში ერთი ბავშვის პოლიტიკას გაატარებდნენ 1980 წელს. ჩინეთის წარმოუდგენელი ეკონომიკური ზრდის ფონზე განათლების დონემ აიწია და ქალებსაც კარიერული პერსპექტივები გაუჩნდათ. შედეგად, ქალების დიდმა ნაწილმა არჩია, რომ ადრეულ ასაკში აღარ გაეჩინათ შვილები; ამასთან, რეპროდუქციული ასაკის ქალთა რიცხვიც იკლებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, მისი მოსახლეობა – დღეს, დაახლოებით 1,4 მილიარდი – მაინც იკლებს. უკვე ათწლეულია, რაც იქ მცირდება ის სამუშაო ძალა, რომელმაც ქვეყანა მსოფლიოს ქარხნად გადააქცია. 2050 წლისთვის ჩინეთში 60 წელს გადაცილებული 500 მილიონი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს. ახალგაზრდებსა და მოხუცებს შორის წარმოქმნილი დისბალანსი ჩინეთის უდიდეს გამოწვევად იქცევა.

სხვა კონტინენტზე განსხვავებული სურათია. ნიგერიაში მედიანური ასაკი მხოლოდ 17 წელია – ნახევარზე უფრო ნაკლები, ვიდრე ჩინეთში. ნაყოფიერების კოეფიციენტი აქაც იკლებს, მაგრამ ჩინეთის იმავე მაჩვენებელს 5-ჯერ აჭარბებს. დღეს ნიგერიის მოსახლეობა 224 მილიონს შეადგენს და საუკუნის მიწურულისთვის შეიძლება გასამმაგდეს კიდეც. ნიგერიელთა ერთი მესამედი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და მილიონობით ადამიანია შიმშილის ზღვარზე.
როგორ გავიკვალავთ გზას ამ „აფრენა- დაცემის“ პარალელურ პროცესში? მოცემულ პროგნოზთაგან არცერთში არ არის სათანადოდ გათვალისწინებული დედამიწის ამოწურვად რესურსებზე პოტენციური დატვირთვა. თევზები და ველური ცხოველები ისედაც სწრაფად უჩინარდებიან, ხოლო კლიმატის ცვლილება უდიდეს საფრთხეს გვიქადის ბიომრავალფეროვნების, სასურსათო უსაფრთხოებისა და წყალზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.



მეორე მხრივ, როდესაც ექსტრემალური სიცხე, ზღვის დონის აწევა და მკაცრი ამინდი მიგრაციულ ტალღებს გაზრდის – რასაც კლიმატის ცვლილება გვპირდება – ქვეყნებს შორის მიმოსვლაც უფრო გააქტიურდება და შემცირებული შრომითი რესურსების მქონე ქვეყნები ახალ მუშახელს საზღვარგარეთ დაუწყებენ ძებნას. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, როგორიც აშშ-ია, იმიგრაციის მაღალი დონე იქნება მოსახლეობის ზრდის მთავარი მამოძრავებელი. 1968 წელს, როდესაც დედამიწაზე მხოლოდ 3,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, ბიოლოგი პოლ ერლიხი თავის ცნობილი წიგნით („მოსახლეობის ბომბი“) გვაფრთხილებდა დემოგრაფიული აფეთქებით განპირობებულ ასობით მილიონი ადამიანის შიმშილით სიკვდილზე. თუმცა, ამის საპირისპიროდ, მწვანე რევოლუციამ – სასუქებისა და მექანიზაციის ფართო გამოყენებამ – გარდაქმნა სოფლის მეურნეობა. ჩვენ კვლავ მივექანებით ისეთი მომავლისკენ, რომელშიც ბევრად მეტი ადამიანია – მაგრამ ზოგიერთ ადგილას – ბევრად ნაკლებიც. შეძლებს ადამიანური საზრიანობა და მილიარდობით მეტი ტვინი გზების გამონახვას ახალ რეალობასთან გასამკლავებლად? იქნებ, ნიგერია და ჩინეთი ჩვენი უდიდესი ტესტი იყოს.
კრეგ უელჩი National Geographic-ის შტატიანი ავტორია.

