პანკისმა ჩემს აღქმაში ზუსტად როდის იცვალა ფერი, არ მახსოვს, მაგრამ 2023 წლის გაზაფხულზე პირველად რომ მივემგზავრებოდი ახმეტის მუნიციპალიტეტის ამ პატარა ხეობაში, ვიცოდი, სტუმართმოყვარე ოაზისში მივდიოდი და არა სახიფათო ზონაში, რომლის შესახებაც მთელი ჩემი ბავშვობის განმავლობაში დადიოდა ხმები. უკვე წლებია, რაც პანკისის კარი გაიღო, საინფორმაციო ბურუსი გაიფანტა და ფართო საზოგადოება თავიდან ვეცნობით ამ განსაკუთრებულ ხეობას, სადაც კომპაქტურად სახლობენ ქისტები – ჩეჩნური წარმომავლობის ეთნიკური ჯგუფი. ორი საუკუნის წინ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებული ვაინახები (ჩეჩნებისა და ინგუშების საერთო სახელწოდება, სიტყვასიტყვით – „ჩვენი ხალხი“) ჰარმონიულად ჩაეწერნენ ქართულ სინამდვილეში: შეინარჩუნეს საკუთარი ენა და რელიგია, მეორე მშობლიურ ენად აქციეს ქართული და არც ჩვენი მთის ტრადიციები იუცხოვეს. დღეს პანკისი ისევეა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი გამოწვევის წინაშე, როგორც საქართველოს ყველა სხვა რეგიონი და ამავდროულად, თავისი, ძალიან სპეციფიკური გამოწვევებიც აქვს. სტატიაში „პანკისის ხეობის ხმები“ სიტყვას მეტწილად ვუთმობთ ხეობის მკვიდრ ქალებს, რომლებიც ცვალებად გარემოში ცხოვრების შესახებ გვიყვებიან.
მაისის ნომერში ვრცლად მოგითხრობთ ასევე ხეთების იმპერიის, კონგოს ტროპიკული ტყისა და არიზონის უდაბნოში მცხოვრები სოროს ბუების შესახებ.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic – საქართველოს.