
ჰანა რეიეს მორალესი
„ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო პანდემიის ზეგავლენის ხილვა გლობალურ დონეზე და შემდეგ ახლოდან დაკვირვება სხვადასხვა საძინებელში“.
National Geographic-ის მკვლევარი ჰანა რეიეს მორალესი ფოტოგრაფიის მეშვეობით იკვლევს ისეთ თემებს, როგორებიცაა: გამძლეობა ცხოვრებაში და მგრძნობიარობა ძნელბედობის ჟამს. 2019 წელს მან მიიღო ვიზიონერის პრემია ტიმ ჰეზერინგტონის ფონდისგან.

ფოტო: რუპერტ კომფსტონი
უკანასკნელ წლებში ვმუშაობ „ცოცხალ იავნანებზე“ – პროექტზე იმის შესახებ, თუ როგორ უქმნიან ბავშვებს უსაფრთხო სივრცეს ძილისპირული სიმღერებითა და ამბების თხრობით.
ჩემი მეწყვილე რეპორტიორი რუპერტ კომფსტონი და მე თურქეთ-სირიის საზღვარზე შევხვდით ლტოლვილებს და მიგრანტებს; მათთვის იავნანა მშობლიური სახლის ის ნაწილი იყო, რომლის თან წაღებაც შეძლეს. ლიბერიაში შევხვდით თინეიჯერ დედებს და ვნახეთ, საკუთარი იავნანებით როგორ უნერგავდნენ შვილებს იმედს. შემდეგ მონღოლეთს ვეწვიეთ – ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილს მსოფლიოში, სადაც გასათბობად ქვანახშირს იყენებენ და გავიცანით დედა, რომელიც ჰაერის დაბინძურების გამო დაავადებულ შვილებს სამკურნალო იავნანას უმღეროდა.
აშშ-ში ვესტუმრე სმენადაქვეითებული ბავშვების ოჯახებს. იავნანა მხოლოდ სიმღერა არ არის; ესაა დედასთან სიახლოვის და ნაზი რწევის შეგრძნება. კოხლეარული იმპლანტანტის მქონე ბიჭის დედამ მითხრა, რომ მას ყოველ ღამე უმღერის, რადგან ხვალ მისმა შვილმა შეიძლება საერთოდ ვეღარაფერი გაიგონოს.
იავნანა თითქოს მხოლოდ ბავშვისთვისაა, თუმცა ეს სიმღერა ბავშვზე მზრუნველისთვისაც მნიშვნელოვანია. პანდემიისას დავინახეთ, რომ ჯანდაცვის სფეროსა და წინა ხაზზე მდგომი სხვა მუშაკები საკუთარ შვილებთან ძილისპირულ რიტუალებს კვლავ ინარჩუნებენ, თუმცა დისტანციურად. ერთმა მშობელმა გამანდო, რომ დაცვა ადრე სრულიად განსხვავებულად წარმოედგინა – მანამდე ბავშვებს მათ გვერდით დგომით იცავდა, ახლა კი – განშორებით.
ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო პანდემიის ზეგავლენის ხილვა გლობალურ დონეზე და შემდეგ სხვადასხვა საძინებელში ახლოდან დაკვირვება. ვამაყობ, რომ ეს, ჩემთვის ძალიან ძვირფასი პროექტი პანდემიამ ვერ შეაჩერა. – პატრისია ედმონდსისათვის მონათხრობი
