იანვრის ნომრის გარეკანზე გამოსახული თაღოვანი აისბერგი და წითელაფრიანი გემი არქტიკის ყინულოვან წყლებში, გრენლანდიის ნაპირთან დაცურავს. ეს ერთ-ერთი ზღაპრული ადგილია, რომლის სტუმრობას National Geographic Traveller-ის გუნდი 2025 წელს გირჩევთ. ტრადიციულად, ჩვენი ბრიტანელი კოლეგები თავს უყრიან მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო ადგილებს, რომელთა შორის შეიძლება თქვენთვის საინტერესო და ხელმისაწვდომიც აღმოაჩინოთ.
პოლარულად საპირისპირო შინაარსი აქვს ამ გვერდზე გამოსახულ ყინულოვან პეიზაჟს – ანტარქტიკის მოდრეიფე ყინულში ტურისტებს არავინ ეპატიჟება – მიუხედავად იმისა, რომ National Geographic-ის მკითხველებს შორის ნამდვილად გვეგულებით ისინი, ვინც სიხარულით გაემგზავრებოდით სამხრეთ პოლუსისაკენ. სტატია „შეკლტონის დაკარგული ხომალდის ძიებაში“ მოგითხრობთ ჩვენი დროის მკვლევართა მიერ გაწეულ ურთულეს სამუშაოზე, რომლის შედეგადაც მიაგნეს საუკუნის წინ ანტარქტიკის ყინულის ქვეშ გაუჩინარებულ გემს სახელწოდებით Endurance (ინგლ. „სიმტკიცე“, „გამძლეობა“). ეს სახელი გაამართლა ექსპედიციის ხელმძღვანელმა ერნესტ შეკლტონმა, რომელმაც ჩაძირული ხომალდის მთელი ეკიპაჟი უვნებლად გაიყვანა სამშვიდობოს.
სხვა ვრცელი სტატიებიდან შეიტყობთ კაქტუსების არაჩვეულებრივი ადაპტაციური მექანიზმის შესახებ და გაეცნობით რადიკალურ საკონსერვაციო სტრატეგიას, რომელსაც ახალი ზელანდია მიმართავს მკვიდრი სახეობების გადასარჩენად.
ასე რომ, თამამად შემიძლია ამ ახალ 2025 წელს გისურვოთ პოლარული ექსპედიციის წევრების, უდაბნოში მოყვავილე კაქტუსებისა თუ ახალი ზელანდიის მკვიდრი კივის გამძლეობა.