სხვა ადამიანების ძიებაში
გამაოგნებელი აღმოჩენები და დნმ-ის კვლევის უახლესი მიღწევები ჩვენი სახეობის ევოლუციის ისტორიას ცვლის – იკვეთება იმ იდუმალი „სხვა ადამიანების“ სურათი, რომელთაც ჩვენი წინაპრები შეხვდნენ ევროპასა და აზიაში განსახლებისას.
სხვა ადამიანების ძიებაში
გამაოგნებელი აღმოჩენები და დნმ-ის კვლევის უახლესი მიღწევები ჩვენი სახეობის ევოლუციის ისტორიას ცვლის – იკვეთება იმ იდუმალი „სხვა ადამიანების“ სურათი, რომელთაც ჩვენი წინაპრები შეხვდნენ ევროპასა და აზიაში განსახლებისას.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ლაოსის შორეულ მთებში, კობრას მღვიმის წიაღში, ერიკ სუზონის შუბლის ფარნის სინათლე ცარიელ ქვაზე დაკრთოდა. უცებ რაღაც უცნაური განათდა: დანალექი ქანის შრიდან ამოშვერილი ათეულობით ძვალი და კბილი.
სუზონიმ, 50 წლის სპელეოლოგმა მხარზე ვეფხვის სვირინგით, ყვირილით გასძახა თავის პარტნიორს, სებასტიან ფრანჟელს. ორივე ფრანგი მკვლევრისთვის ეს პირველი გასვლა იყო კობრას მღვიმეში. ისინი ეს-ესაა აცოცდნენ ტყის ქვედა იარუსიდან მღვიმის შესასვლელამდე, ქვიშაქვის ქარაფის 20-მეტრიან მონაკვეთზე. მღვიმეში ასვლისთანავე მკვლევრები წააწყდნენ რაღაცას, რაც ძალიან ჰგავდა უძველესი განამარხებული ნაშთების საგანძურს.
სუზონი და ფრანჟელი ამ მღვიმის დასაზვერად მიმდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე მომუშავე პალეოანთროპოლოგების საერთაშორისო გუნდმა გამოუშვა. 15 წელიწადზე მეტია, არქეოლოგები ამ მთებში აწარმოებენ გათხრებს და ეძებენ მინიშნებებს ადამიანის ევოლუციური თავსატეხების ამოსახსნელად: როდის მოაღწია Homo sapiens-მა აქ? და რომელ სხვა ადამიანებს შეხვდნენ გზად?
მეორე დღეს აქ სუზონი აღნიშნული კვლევითი გუნდის გეოლოგთან ერთად დაბრუნდა მღვიმის კედლიდან დანალექი ქანის ნიმუშის ასაღებად. შეახო თუ არა საჭრისი ზედაპირს, კლდიდან დიდი ყავისფერი კბილი გადმოვარდა – მოლარი, რომელიც საოცრად ჰგავდა ადამიანისას. სუზონი სულაც არ ფიქრობდა აღმოჩენის ავტორობაზე – პროტოკოლისა და პროფესიის გათვალისწინებით, ეს მეცნიერის საქმე იყო – თუმცა, ცოტა ხანს დააკვირდა განამარხებულ ნაშთს და პერანგის ჯიბეში ჩაიდო. მისი სიტყვებით, „ეს მშვენიერი საჩუქარი იყო“.
ბანაკში დაბრუნებული სუზონი შეხვდა კვლევითი გუნდის ხელმძღვანელს, პალეოანთროპოლოგ ფაბრის დემეტერს (კოპენჰაგენის უნივერსიტეტი) და არქაული კბილების ექსპერტს, კლემან ზანოლის (ბორდოს უნივერსიტეტი). სუზონიმ სიტყვასიტყვით აღუწერა მათ კობრას მღვიმეში ნანახი და დანალექიდან ამოღებული ცხოველის რამდენიმე კბილი აჩვენა. შემდეგ კი, ბედნიერი ღიმილით გამოუცხადა, რაღაც კიდევ მოგიტანეთო და ხელი ჯიბისკენ წაიღო. ზანოლი, ინდიანა ჯონსის ქუდით, წინ მიიწია დასაკვირვებლად. „კბილი სრულიად მოუცვეთავი და კარგად შემონახული იყო; მაშინვე მივხვდი, რომ ის ადამიანის იქნებოდა“, – იხსენებს სუზონი. მაგრამ, რომელი სახეობის ადამიანის? თანამედროვე Homo sapiens-ისთვის მეტისმეტად დიდი და დაღარული იყო. ის ერთი შეხედვით ნეანდერტალელის კბილს ჰგავდა, მაგრამ ამ უკანასკნელის ნაშთები აღმოსავლეთ აზიაში დადასტურებით აქამდე არ იდენტიფიცირებულა. მეცნიერებმა დაბნეული მზერა გაცვალეს: ვინ იყო იდუმალი კბილის პატრონი?
მოლარი ლაოსიდან, ყბის ძვალი ტიბეტის მთიანეთიდან და ნეკის ფრაგმენტი ციმბირიდან. ჩვენი ევოლუციური ისტორია ხელახლა იწერება პატარა აღმოჩენების წყალობით, რომლებსაც ნათელს ჰფენს სწრაფად განვითარებადი მეცნიერება – გარღვევები უძველესი დნმ-ის შესწავლაში, ცილების კვლევა და რადიომეტრიული დათარიღება. ახალი მიგნებების მოზღვავება არამხოლოდ რადიკალურად ცვლის წარმოდგენას ჩვენი წარმოშობის შესახებ, არამედ, ასევე, ეჭვქვეშ აყენებს თავად ცნებას, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი.

პალეოანთროპოლოგი ფაბრის დემეტერი (დაჩოქილი) და მისი გუნდი ტამ-პა-ლინგის მღვიმეში 2009 წლიდან მუშაობენ. მათ იპოვეს შვიდი Homo sapiens-ის ფრაგმენტული ნაშთები, რომელთაგან უძველესი 30 000 წლით უსწრებს წინ Homo sapiens-ის მთავარ გამოსვლას აფრიკიდან.
ჯასტინ ძინი
ჩვენ ყველანი, პლანეტაზე მცხოვრები რვავე მილიარდი ადამიანი, ერთ სახეობას მივეკუთვნებით. ჩვენ, Homo sapiens-ები, უკანასკნელი ჰომინინები ვართ დედამიწაზე. სულ ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ ფართოდ იყო გავრცელებული შეხედულება, რომ აფრიკიდან წამოსული თანამედროვე ადამიანები მიჰყვებოდნენ ევოლუციური პროგრესის მეტნაკლებად სწორხაზოვან და სხვა სახეობებთან შედარებით, უპირატესად მიჩნეულ გზას, ისე რომ მათთან არ გადაკვეთილან.
ევოლუციის შემსწავლელი მეცნიერების ამჟამინდელმა აღმავლობამ შეარყია ადამიანის წარმოშობის ეს მოწესრიგებული, სწორხაზოვანი ხედვა და მისი ჩანაცვლება გაცილებით უფრო ჩახლართული სურათით დაიწყო. მეცნიერებმა დღეს ნამდვილად იციან, რომ 70 000-40 000 წლის წინ, ჩვენი ევოლუციური განვითარების საკვანძო პერიოდში, დედამიწა სავსე იყო ადამიანთა ნაირსახეობებით. და, როდესაც Homo sapiens-ი გავრცელდა ევროპასა და აზიაში, ის შეხვდა და ზოგიერთ შემთხვევაში შეჯვარდა კიდეც სხვა სახეობის ადამიანებთან. ეს შვედმა პალეოგენეტიკოსმა, სვანტე პეებომ დაამტკიცა 2010 წელს, როდესაც ნეანდერტალელის გენს მიაკვლია თანამედროვე ადამიანში. მისმა ნაშრომმა ცხადყო, რომ ნეანდერტალელები და Homo sapiens-ები ჯვარდებოდნენ, საერთო შთამომავლობას ტოვებდნენ, გენების გაცვლამ კი ძირეული, გრძელვადიანი გავლენა იქონია ჩვენს გენეტიკაზე. დღეს, ნეანდერტალელების გადაშენებიდან 40 000 წელზე მეტი ხნის შემდეგაც, ადამიანთა უმრავლესობა მათი დნმ-ის ნაშთებს ატარებს. თუმცა, კიდევ ვინ იზიარებდა დედამიწას ჩვენთან? და როგორ იმოქმედა მათთან ურთიერთობამ ჩვენი ევოლუციისა და მათი გადაშენების გზაზე?

სპელეოლოგი ერიკ სუზონი (მარცხნივ) და პალეოანთროპოლოგი, National Geographic-ის მკვლევარი ლორა შეკელფორდი, პატარა მღვიმეს, ტამ-ნეუნს იკვლევენ პა-ჰანგის მთასთან ახლოს.
ჯასტინ ძინი
ციმბირში, რუსეთისა და ყაზახეთის საზღვართან, მეცნიერებმა მიაკვლიეს ერთ-ერთ საუკეთესო მინიშნებას – მუხუდოს მარცვლისოდენა ნეკის ფრაგმენტს. დენისის მღვიმის ცივმა ტემპერატურამ იქ აღმოჩენილ ნეანდერტალელთა განამარხებულ ნაშთებში დნმ შემოინახა, მაგრამ ეს ძვალი, რომელიც 60 000 წელზე მეტი ხნის იყო, განსხვავებული ჩანდა. როდესაც პეებომ, თავის გუნდთან ერთად, მისი დნმ-ის ანალიზი ჩაატარა, გამაოგნებელი შედეგი მიიღო: ნაშთი ეკუთვნოდა ადამიანის სრულიად უცნობ და გამქრალ სახეობას.
დენისელები [ან დენისოველები], როგორც მათ პეებოს გუნდმა უწოდა, აღმოჩნდა ადამიანთა პირველი ჯგუფი, რომლის იდენტიფიცირება მხოლოდ დნმ-ზე დაყრდნობით მოხდა. აჩრდილი სახეობა – ექსპერტები მათ ასე მოიხსენიებენ ფიზიკური იდენტობის არარსებობის გამო. დენისის მღვიმემ კიდევ ბევრი ნაშთი გვიბოძა თავისი დნმ-ით. მათ შორის იყო გოგონას ძვალი, რომელსაც დენისელი მამა და ნეანდერტალელი დედა ჰყავდა – ერთადერთი პირველი თაობის ჰიბრიდი ჰომინინი, რომელიც აქამდე აღმოჩენილა.
დენისის მღვიმეში აღმოჩენილი თითის ფრაგმენტიდან მოპოვებულ დნმ-ს გენეტიკოსებმა მიაკვლიეს თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა პოპულაციაში პრაქტიკულად ყველგან, ისლანდიიდან დაწყებული, პერუთი დამთავრებული. მისი განსაკუთრებულად დიდი კონცენტრაცია პაპუა-ახალ გვინეაში აღმოჩნდა, რომელიც დენისის მღვიმიდან 8900 კილომეტრითაა დაშორებული. პრაქტიკულად უდავოა, რომ Homo sapiens-ი ჯვარდებოდა დენისელებთან და ნეანდერტალელებთან და მთელ პლანეტაზე ავრცელებდა მათ დნმ-ს. პალეოანთროპოლოგები ახლა ფიქრობენ, რომ „გენების გაცვლა“ არა ანომალია, არამედ ევოლუციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რამაც Homo sapiens-ს საშუალება მისცა, ახალ გარემოს შეჰგუებოდა და უმრავლესობა ჩვენგანი პირდაპირი ბიოლოგიური ხაზით დაგვაკავშირა უძველესი ადამიანების გადაშენებულ სახეობებთან.

დემეტერის გუნდის მიერ 2010 წელს ტამ-პა-ლინგის მღვიმეში აღმოჩენილი Homo sapiens-ის თავის ქალა მინიმუმ 46 000 წლისაა.
ჯასტინ ძინი

სუზონის გათხრილი მოლარი მოუხელთებელი ჰომინინების – დენისელების წარმომადგენელს ეკუთვნის.
ჯასტინ ძინი
გენეტიკისა და ცილების კვლევაში წინსვლის მიუხედავად, უძველესი ძვლებისა და კბილების მეტი ნაშთი გვჭირდება იმის გასაგებად, თუ როგორ მოხვდა დენისელების გენი პაპუა-ახალ გვინეაში ან, Homo sapiens-ის გამოჩენის შემდეგ, რამ გადააშენა 500 000-წლიანი ისტორიის ნეანდერტალელები და დენისელები. გათხრების დაწყებიდან საუკუნეზე მეტი ხანი გავიდა და ჩვენი ყველაზე ახლო ნათესავების, ნეანდერტალელთა ნაშთების რაოდენობა საკმაოდ მოკრძალებულია – სულ 400 ინდივიდის ძვლები გვაქვს, დენისელთა განამარხებული ნაშთები კი იმდენად ცოტაა აღმოჩენილი, ყველა ერთად რომ მოაგროვო, ერთ საპურეში ჩაეტევა და ადგილიც დარჩება.
გასაოცარი სამეცნიერო აღმოჩენის ადგილად იქცა ჩინეთის კანსუს პროვინციის ერთი ბუდისტური სალოცავი, რომელიც ტიბეტის მთიანეთში, ზღვის დონიდან 3280 მეტრზე მდებარეობს. დიდი ხნით უფრო ადრე, სანამ იქ ნაპოვნი ძვლები თანამედროვე მეცნიერებისთვის ღირებულებას შეიძენდა, მათ წამლებისა და ელექსირების დასამზადებლად ფქვავდნენ. ამგვარად, ნამდვილად სასწაულს უნდა ვუმადლოდეთ, რომ 1980 წელს პაიშიის კარსტულ მღვიმეში აღმოჩენილი, დღეს სიახეს ქვედა ყბად წოდებული უძველესი ძვლის ნაშთი გადარჩა. ის იპოვა ბერმა, რომელმაც ძვალი თავის წინამძღვარს, მეექვსე გუნგ-ტანგის ცოცხალ ბუდას მიუტანა, მან კი, თავის მხრივ, ძვალი ჩინელ მეცნიერებს უანდერძა. ფაქტობრივად მივიწყებას მიცემული, არაიდენტიფიცირებული ქვედა ყბის ძვალი წლების განმავლობაში იყო თაროზე შემოდებული. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ციმბირის აღმოჩენებით შთაგონებულმა ლანჭოუს უნივერსიტეტის არქეოლოგმა ტუნგძიუ ჭანგმა გადაწყვიტა, კოლეგებთან ერთად ეცადა ამოეხსნა ამოცანა და ძვლის იდენტიფიცირება მოეხდინა.

ბავშვები სოფელ ლონგ-გუა-პადან ჰმონგების ახალ წელს აღნიშნავენ. ისინი დაესწრნენ განამარხებული ნაშთების გარეცხვის პროცესს. პალეონტოლოგი ანა-მარი ბეიკონი პა-ჰანგის მთის აღმოჩენების შესახებ პატარებს წიგნის („ტაილანდის მსხვილი ძუძუმწოვრების გზამკვლევი“) მეშვეობით მოუთხრობს.
ჯასტინ ძინი
ჭანგმა, მედიტაციაში მყოფი ბერების გარემოცვაში, დიდი სიფრთხილით წამოიწყო გათხრები პაიშიის კარსტულ მღვიმეში, თუმცა ყბის ძვლის შესახებ არსებული ბუნდოვანი ზეპირი გადმოცემა არავითარ ინფორმაციას არ იძლეოდა მისი აღმოჩენის ზუსტი ადგილის შესახებ. კიდევ უფრო სამწუხარო იყო ის, რომ ძვალს დნმ-ის არავითარი კვალი აღარ შემორჩენოდა. ერთადერთ ინფორმაციას გვაწვდიდა ძვალზე ჯერ კიდევ მიკრული კარბონატული ქერქი, რომლის ურან-თორიუმის დათარიღებით ყბის ძვლის ასაკი მინიმუმ 160 000 წლით განისაზღვრა. ეს ყბა ჯერჯერობით ადამიანის ნაშთის უძველესი ნიმუში იყო ტიბეტის მთიანეთში. ნამდვილად საინტერესო იყო, მაგრამ ჭანგს ეს ინფორმაცია ნაშთის იდენტიფიცირებაში ვერაფრით დაეხმარებოდა.
დენისელთა განამარხებული ნაშთები სულ რომ მოაგროვო, ერთ საპურეში ჩაეტევა და ადგილიც დარჩება.
2016 წელს ევროპაში სამუშაო ვიზიტისას ჭანგი შეხვდა მაგისტრანტს, რომელიც ანალიზის ახალ მეთოდს ამუშავებდა. წარმატების შემთხვევაში ეს მეთოდი დნმ-ის შესაძლებლობებსაც გასცდებოდა. ფრიდო ველკერი მხოლოდ 25 წლის იყო, თუმცა უკვე ახდენდა გადატრიალებას სწრაფად განვითარებად დარგში – პალეოპროტეომების კვლევაში, რომელიც, ფაქტობრივად, დროის მანქანასავით იმუშავებდა. თმააწეწილმა ნიდერლანდელმა აუხსნა ჭანგს, თუ როგორ აანალიზებდა უძველეს ცილებს, რომლებიც განამარხებულ ნაშთებში ბევრად უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე დნმ – ზოგჯერ მთელი ორი მილიონი წლით უფრო დიდხანსაც კი. ცილა დნმ-ის შაბლონს იმეორებს და ერთგვარი ჩრდილოვანი დნმ ხდება, ინახავს რა ინფორმაციას მას შემდეგაც კი, რაც ორიგინალი დიდი ხნის გამქრალია. თუმცა ველკერმა მაინც გააფრთხილა ჭანგი, რომ ცილების გამოყოფა, როგორც წესი, ინვაზიური წესით ხდება – ნაშთი უნდა გახვრეტილიყო, წარმატების გარანტიას კი ვერ მისცემდა. „ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ამ ძვირფასი არტეფაქტის გამო, – იხსენებს ჭანგი, – მაგრამ ჩვენ უნდა გაგვეგო, რა იყო ის და სხვა არჩევანი აღარც მქონდა“.
ჭანგის უკანასკნელი იმედი ველკერის პირველ დიდ შანსად გადაიქცა – რასაც თვითონ „სამეცნიერო შესაძლებლობას“ უწოდებდა თავის ახალწარმოშობილ დარგში. ცილის მასალა ჩინეთში აიღეს, შემდეგ კი ველკერმა, რომელიც ახლა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში მუშაობს, ის გერმანიის ლაბორატორიაში გააანალიზა მასსპექტრომეტრით. კოლაგენის ცილის სახასიათო სტრუქტურა, რომელსაც ყბის ძვალში მიაკვლიეს, ადასტურებდა, რომ ნაშთი მართლაც დენისელს ეკუთვნოდა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უძველესი ადამიანის იდენტიფიცირება მხოლოდ ცილების საფუძველზე მოხდა. უფრო მეტიც, ეს ყბის ძვალი პირველ მტკიცებულებად იქცა იმისა, რომ დენისელები დენისის მღვიმის გარეთაც გვხვდებოდნენ, რამაც ოდნავ შეავსო ჩვენი წარმოდგენა სახეობის შესახებ, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცოდით. სენსაციური აღმოჩენები გაგრძელდა და ტიბეტის მთიანეთის მღვიმეში მობინადრე დენისელების შესახებ სულ უფრო მეტი დეტალი გამომჟღავნდა. ამ აღმოჩენიდან ერთი წლის შემდეგ ჭანგმა და მისმა გუნდმა დენისელთა დნმ-საც მიაკვლიეს პაიშიის კარსტულ მღვიმეში, რითაც საბოლოოდ დადასტურდა მათი იქ არსებობა. შარშან ზაფხულში ველკერმა და მისმა ჩინელმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს პროტეომები და დენისელის ნეკნის ძვალი, რათა დაემტკიცებინათ, რომ დენისელები პაიშიის მღვიმეში 100 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პერიოდულად ცხოვრობდნენ, ხოცავდნენ და ჭამდნენ გარეულ ცხოველებს. „როდესაც თავსატეხის პატარა ნაწილს აგნებ, არაჩვეულებრივი განცდაა, – ამბობს ველკერი, – რადგან თითოეული ახალი დეტალი ცვლის ყველა დანარჩენის განლაგებას“.
მათ მიერ ყბის ძვლის იდენტიფიცირებით დენისელებს გაუჩნდათ „ათვლის წერტილი“, რომელსაც გამოიყენებდნენ ყველა სხვა ნაშთის შედარებითი ანალიზისთვის მიუხედავად იმისა, თუ სად აღმოჩნდებოდა ის – ჩინეთის მტვრიან კოლექციაში თუ, ვთქვათ, ლაოსის მღვიმეში. სწორედ ეს სჭირდებოდა ფაბრის დემეტერს. ის დაატარებდა კობრას მღვიმის იდუმალ მოლარს და ცდილობდა მისგან ინფორმაციის ამოღებას, თუმცა დნმ მასზე არ შემორჩა. დემეტერმა მხოლოდ იმის დადგენა შეძლო, რომ კბილი ადამიანის იყო და დაახლოებით 160 000 წლის წინ ახალგაზრდა გოგონას ეკუთვნოდა.
თუმცა, როდესაც დემეტერმა გაიგო, ჭანგი და ველკერი სტატიის გამოქვეყნებას აპირებდნენ დენისელის ყბის ძვლის შესახებ, იგი მიხვდა, რომ მას და კბილების ექსპერტ ზანოლის შეეძლოთ თავიანთი მოლარი შეედარებინათ აღნიშნულ ყბის ძვალზე შემორჩენილ ორ კბილთან. მათ აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი კბილი, ფაქტობრივად, კობრას მღვიმის მოლარის იდენტური იყო. ეს მორფოლოგიური დამთხვევაა და არა გენეტიკური, რომელიც ეჭვგარეშე იქნებოდა, თუმცა, დემეტერი იმედით აღივსო.
კობრას მღვიმე მესამე ადგილია დედამიწაზე, სადაც დენისელის ნაშთები აღმოჩნდა. ამასთანავე, ის ამ ნაშთების აღმოჩენის პირველი სუბტროპიკული რეგიონია – ტიბეტის მთიანეთში, ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარე პაიშიის კარსტული მღვიმიდან სამხრეთით, დაახლოებით, 1600 კმ მანძილზე და დენისის ცივი მღვიმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 3200 კმ-ზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დენისელები ფართოდ იყვნენ განფენილნი და მრავალი სახის კლიმატთან შეგუებულნი. დენისელთა გავრცელების მეტი გეოგრაფიული მარკერის დადასტურებასთან ერთად, ცხადი ხდება, რომ მათი არეალი და ქრონოლოგია ხშირად თანხვედრაშია სხვა ადამიანების – განსაკუთრებით, ნეანდერტალელთა და homo sapiens-ების – გავრცელებასა და ქრონოლოგიასთან, რაც გენეტიკური თავსატეხის აწყობაში გვეხმარება.
2014 წელს პოპულაციური გენეტიკის სპეციალისტი ემილია უერტა-სანჩესი გასაოცარ აღმოჩენამდე მივიდა ბრაუნის უნივერსიტეტში: მან გაარკვია, რომ EPAS1-ად ცნობილი გენი, რომელიც ტიბეტელებს ეხმარება, კომფორტულად იგრძნონ თავი დიდ სიმაღლეზე და არ განუვითარდეთ ჰიპოქსია, არა თანამედროვე ადამიანების, არამედ დენისელებისგან მოდის (ამ გენთან თითქმის იდეალური თანხვედრა მხოლოდ დენისის მღვიმის ნეკის ფრაგმენტმა გამოავლინა). როდესაც 2019 წელს ველკერმა და ჭანგმა დაადასტურეს, რომ დენისელები ტიბეტის მთიანეთში ცხოვრობდნენ, ზემოხსენებული კავშირი ძალიან გასაგები გახდა. როგორც უერტა-სანჩეს ბრაუნი ამბობს, ტიბეტელებმა ამ გენის გამოყენება დაიწყეს მიუხედავად იმისა, რომ ისინი დენისელების დნმ-ის მხოლოდ მცირე ნაშთის მატარებლები არიან და აღნიშნულ მთიანეთში სახეობების შეჯვარებიდან ათეულობით ათასი წლის შემდეგ დასახლდნენ. „სულაც არაა საჭირო ბევრი არქაული დნმ-ის ქონა იმისთვის, რომ ის სასარგებლო ან გამოსადეგი იყოს“, – განაგრძობს უერტა-სანჩესი, რომელიც ახლა ამერიკაში დენისელების გენის გავრცელების საკითხებს იკვლევს. ძალიან მცირე ნაწილსაც კი, ამბობს იგი, „უდიდესი გავლენა აქვს ადამიანებზე, ისევე როგორც ტიბეტელების შემთხვევაში“.
ჩინეთი
არქეოლოგმა ტუნგძიუ ჭანგმა და უძველესი ცილების სპეციალისტმა ფრიდო ველკერმა პაიშიის მღვიმეში (მარცხნივ) აღმოჩენილი ყბის ძვალი (მარჯვნივ) შეისწავლეს. ნიმუში მინიმუმ 160 000 წლით დათარიღდა და დენისელად იდენტიფიცირდა, რითაც ზემოხსენებული სახეობის ახალი საბინადრო ადგილი აღინიშნა.
ჯასტინ ძინი (ორივე)
უძველესი სახეობათაშორისი შეჯვარების შედეგები ჯერაც არ გვესმის კარგად, თუმცა გენეტიკოსები, უერტა-სანჩესის მსგავსად, ფიქრობენ, რომ ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ევოლუციური თვალსაზრისით. ასეთმა შეჯვარებებმა არამარტო აუცილებელი გენეტიკური მრავალფეროვნება შემატა Homo sapiens-ს, არამედ გენების გაცვლამ თანამედროვე ადამიანებს ევოლუციური „მოკლე გზებიც“ გაუჩინა, რაც მათ დაეხმარა ექსტრემალურ გარემოში სწრაფად ადაპტირებაში – მაგალითად, ჰიპოქსიისგან თავდაცვის მექანიზმის ამუშავება ტიბეტში, ხოლო იმუნური სისტემის ამ გზით გაძლიერება, სავარაუდოდ, დაეხმარა Homo sapiens-ს, მთელ მსოფლიოში გავრცელებულიყო.
შეჯვარების შედეგად ნეანდერტალელებისა და დენისელებისგან მიღებული ზოგიერთი გენი, მეცნიერთა დასკვნით, დეპრესიასთან, აუტიზმსა და სიმსუქნესთანაც არის დაკავშირებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ჩანს, შეჯვარება ვერ დაეხმარა ნეანდერტალელებსა და დენისელებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი დნმ ჩვენში ცოცხლობს, თავად მათი გენომი თანამედროვე ადამიანის არავითარ კვალს არ შეიცავს – ზოგი მეცნიერი კი, საერთოდაც, ფიქრობს, რომ Homo sapiens-თან შეჯვარებამ დააჩქარა მათი გადაშენება.

პაიშიის კარსტულ მღვიმეში დენისელების არსებობის დადასტურების შემდეგ ჭანგი (წინა პლანზე) და მისი გუნდი გათხრებს განაგრძობენ მეტი მტკიცებულებისთვის. ბერებისა და პილიგრიმების თანდასწრებით მათ, სულ ცოტა, ხუთი დენისელის კვალი აღმოაჩინეს მღვიმეში.
ჯასტინ ძინი
ლუდოვიკ სლიმაკი შეპყრობილია იმ მომენტის კვლევით, როდესაც Homo sapiens-მა, სავარაუდოდ, ადამიანის სხვა სახეობები განდევნა ევოლუციის სურათიდან. პოლ საბატიეს უნივერსიტეტის (ტულუზა III) პალეოანთროპოლოგი ნეანდერტალელთა აჩრდილებს დასდევს სომალის ნახევარკუნძულიდან არქტიკულ წრემდე. უკანასკნელი 25 წელი მან და მისმა მეუღლემ, არქეოლოგმა ლორა მეცმა, სამხრეთ საფრანგეთში მდებარე მანდრენის მღვიმის გათხრებში გაატარეს, სადაც 42 000 წლის წინ, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, ცხოვრობდნენ Homo sapiens-ები და უკანასკნელი ნეანდერტალელები. ეს ერთი პატარა გადმოკიდებული კლდეა, თუმცა ადამიანის ისტორია, რომელსაც ის მოგვითხრობს, „მართლაც უნივერსალურია“, – ამბობს სლიმაკი: „მე ნეანდერტალელებს ვიყენებ როგორც სარკეს, რათა უფრო კარგად დავინახო ჩვენი თავი“.
სლიმაკი ძიებამ იმ პერიოდის შესწავლამდე მიიყვანა, როდესაც Homo sapiens-ი აფრიკიდან გამოვიდა და შეაბიჯა ნეანდერტალელებით, დენისელებითა და სხვა გვიანდელი ჰომინინებით დასახლებულ ტერიტორიებზე.
დენისელთა გავრცელების სულ უფრო მეტი გეოგრაფიული მარკერის დადასტურება გენეტიკური თავსატეხის აწყობაში გვეხმარება.
მანდრენის მღვიმეში ერთ-ერთი უკანასკნელი ევროპელი ნეანდერტალელების აღმოჩენამ National Geographic-ის მკვლევარი სლიმაკი ღრმად ჩააფიქრა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა Homo sapiens-ისა და ნეანდერტალელის განსხვავებულ ბუნებას ეს უკანასკნელი გადაშენებამდე მიეყვანა. ჩონჩხი, რომელსაც სლიმაკმა თორინი უწოდა, ჯუჯების მეფის პატივსაცემად ჯ. რ. რ. ტოლკინის „ჰობიტიდან“, დაახლოებით, ათი წლის წინ აღმოაჩინა. სლიმაკის გუნდი მას შემდეგ ნელ-ნელა ასუფთავებს მას და პინცეტებით აცლის ქვიშის მარცვლებს. 9-წლიანი მუშაობის შედეგად მათ გამოავლინეს თორინის თავის ქალას ნაწილები, 31 კბილი და დიდი რაოდენობით ძვალი.

ერთ-ერთი კბილის ფესვზე შემორჩენილია დნმ, რომლის ანალიზმაც გამაოგნებელი შედეგი მოგვცა. თორინის ჯგუფი მანდრენის მღვიმეში დაახლოებით 42 000 წლის წინ ცხოვრობდა და მანამდე, 50 000 წლის განმავლობაში, სრულ გენეტიკურ იზოლაციაში იყო, არასოდეს შერევია რამდენიმე ხეობის გადაღმა მცხოვრებ სხვა ნეანდერტალელებსაც კი. სლიმაკისთვის ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იყო იმისა, თუ რამდენად უფრო ღრმაა ნეანდერტალელების გენეალოგია – და რამდენად განსხვავდებოდნენ ისინი თანამედროვე ადამიანებისგან.

პალეოანთროპოლოგი ლუდოვიკ სლიმაკი ნეანდერტალელებისა და Homo sapiens-ის ურთიერთობას იკვლევს. მას ორი იარაღი უჭირავს: მომცრო H. sapiens-ს ეკუთვნის, მეორე კი – ნეანდერტალელს. ორივე 54 000 წლით თარიღდება – ზუსტად იმ პერიოდით, როდესაც H. sapiens-ი დასავლეთ ევროპაში გამოჩნდა. H. sapiens-ი შაბლონურად ამზადებდა იარაღებს – იხილეთ ზემოთ წარმოდგენილი წვეტანები ერთი ევროცენტის გვერდით.
ჯასტინ ძინი; ლორა მეცი (ფოტოკოლაჟი)
ეს ფრანგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ნეანდერტალელებისა და Homo sapiens-ის შეხვედრა ევოლუციური ისტორიის გარდამტეხი მომენტი იყო – და ეს მომენტი ასახულია მანდრენის მღვიმის კედლებზე. მისმა კოლეგა არქეოლოგმა სეგოლენ ვანდეველდემ გააანალიზა მღვიმის კედლებზე საჭმლის მომზადების შედეგად შემორჩენილი ჭვარტლის ფენები (რგოლებზე დაყრდნობით ხის ასაკის გამოთვლის პრინციპის მსგავსად). მან აღმოაჩინა, რომ მღვიმის იმ ნაწილში, სადაც ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ, უკანასკნელი ცეცხლი დაახლოებით 1 წლით ადრე დაინთო, ვიდრე Homo sapiens-ის მიერ დანთებული პირველი ცეცხლის კვალი გამოჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მაშინ მათი რეალური, ფიზიკური შეხვედრა, სლიმაკს სჯერა, რომ სწორედ მაშინ, დაახლოებით 42 ათასი წლის წინ, დადგა საბედისწერო მომენტი.
პალეოანთროპოლოგები მრავალი წელია დავობენ ნეანდერტალელთა გადაშენების მიზეზებზე და ნამდვილად ასე მოხდება დენისელთა შემთხვევაშიც, რადგან მათი ქრონოლოგიისა და გეოგრაფიული არეალის შესახებ შედარებით მეტი გახდა ცნობილი. დენისელებისა და ნეანდერტალელების განამარხებული ნაშთები დაახლოებით ერთი და იმავე პერიოდიდან ქრება. პალეოანთროპოლოგები სულ უფრო მეტად თანხმდებიან იმაზე, რომ ნეანდერტალელთა გადაშენება, პირველ რიგში, გამოიწვია დემოგრაფიულმა კრიზისმა (კლებადი პოპულაცია შეზღუდული გენეტიკური მრავალფეროვნებით), რომელიც გაამწვავა კლიმატის ცვლილებამ და ძლიერი კონკურენტის, Homo sapiens-ის გამოჩენამ. სახეობათა შეჯვარებამ, შესაძლოა, ასევე ითამაშა გარკვეული როლი. კრის სტრინგერი, ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმის პალეოანთროპოლოგი და National Geographic-ის მკვლევარი, ფიქრობს, რომ ნეანდერტალელი ქალები შეიერთეს – ან მოიტაცეს – sapiens-ების დომინანტურმა ჯგუფებმა, რამაც ნეანდერტალელები დემოგრაფიული უფსკრულის პირას მიიყვანა.

ეს 44 000 წლის წინანდელი ნადირობის სცენა სულავესიზე, სახვითი ხელოვნების ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია. აზიაში ახალი ჰომინინების აღმოჩენებმა ექსპერტებს ადამიანის ადრეული განამარხებული ნაშთებისა და არტეფაქტების გადახედვისკენ უბიძგა.
რატნო სარდი, გრიფითის უნივერსიტეტი
ნეანდერტალელების, დენისელებისა და სხვა ჯგუფების გადაშენებამ დაახლოებით 40 000 წლის წინ, დაასრულა ის რამდენიმე მილიონწლიანი ხანა, როდესაც ჰომინინების მრავალი სხვადასხვა ჯგუფი დააბიჯებდა დედამიწაზე. ამჟამინდელი ეპოქა ისტორიული ანომალიაა და სტრინგერი გვირჩევს, არ მივეცეთ თვითკმაყოფილებას იმის გამო, რომ უკანასკნელი გადარჩენილების სტატუსი გვაქვს. ნეანდერტალელები და დენისელები ნახევარი მილიონი წელი არსებობდნენ; Homo erectus-ი დაახლოებით ორი მილიონი წელი. თუკი დღევანდელი ტრაექტორიით გავაგრძელეთ სვლა, ჩვენ რამდენად წარმატებულნი ვიქნებით, თუნდაც, 2000 წლის შემდეგ – მილიონზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
Homo sapiens-მა გამოიწვია ნეანდერტალელთა „ფაქტობრივად მყისიერი გაქრობა არქეოლოგიური ქრონიკებიდან“, – ამბობს სლიმაკი.
შემოქმედებითი და იზოლირებული ნეანდერტალელი კონკურენციას ვერ გაუწევდა ჰიპერეფექტურსა და სოციალურ Homo sapiens-ს.
დედამიწაზე ნახევარმილიონწლიანი არსებობაც კი ვერ მისცემდა შემოქმედებითსა და იზოლირებულ ნეანდერტალელებს ჰიპერეფექტურსა და სოციალურ Homo sapiens-თან კონკურენციის შანსს. ეს იყო „სრული დაპყრობა“, – ამბობს იგი.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ლაოსის ბრინჯის პლანტაციაში ერიკ სუზონი ფაბრის დემეტერის მეცნიერთა გუნდს ახალი მღვიმისკენ მიუძღვის, რომელიც საბაზო ბანაკიდან ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეს საერთაშორისო გუნდი ერთ კონკრეტულ მთაზე მუშაობდა და თხრიდა მღვიმეთა ჯგუფს, სადაც უძველესი ადამიანის სახეობების იშვიათი სამეული გამოვლინდა: დენისელის მოლართან ერთად, გუნდმა მიაკვლია უძველესი Homo sapiens-ის ნაშთებს ერთ მღვიმეში, მეორეში კი – 130 000 წლის კბილს, რომელიც, სავარაუდოდ, Homo erectus-ისა იყო. „ეს არაჩვეულებრივი შედეგია, თანაც მხოლოდ ერთი ველიდან“, – ამბობს ლორა შეკელფორდი, ილინოისის უნივერსიტეტის (ურბანა-შამპეინი, აშშ) პალეოანთროპოლოგი და National Geographic-ის მკვლევარი, რომელიც გუნდს 2008 წლიდან შეუერთდა ლაოსში. დენისელთა ნაშთები „მთელ ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს, უბრალოდ ჯერ არ გვიპოვია“.


როგორც ჩანს, შორეული წარსულის მომავალი აზიაშია, რეგიონში, რომელსაც დემეტერი უწოდებს „სუფთა ფურცელს ევროპასთან შედარებით“. ყველაფერი „ჰობიტების“ ორი პოპულაციის გასაოცარი აღმოჩენით დაიწყო: Homo floresiensis-ი ინდონეზიაში 2003 წელს აღმოჩნდა, Homo luzonensis-ი კი – 2019 წელს ფილიპინებში, მაგრამ ახლა ყურადღება ჩინეთისკენაა მიპყრობილი. მას შემდეგ, რაც 2019 წელს სიახეს ქვედა ყბის იდენტიფიცირება მოხერხდა, ჩინელმა პალეოათროპოლოგებმა ქვეყანაში არსებული განამარხებული ნაშთების დიდი კოლექციების გადამოწმება დაიწყეს – გადაწმინდეს მტვერი „გაუხსნელ საქმეებს“, რათა შეემოწმებინათ, მათ შორის დენისელთა ნაშთებიც ხომ არ იყო. ორი არქაული ყბის ძვალი – ერთი პეკინის დასავლეთით გათხრილი, ხოლო მეორე ტაივანის სრუტიდან ამოღებული – ფიზიკურად ძალიან ჰგავს ზემოხსენებულ ქვედა ყბას. თუ მათი იდენტურობა დადასტურდება, დამტკიცდება, რომ დენისელები მთელ კონტინენტურ აზიაში სახლობდნენ, განსაკუთრებით მჭიდროდ, სავარაუდოდ, თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიაზე.
ჩინელმა მკვლევრებმა დაიწყეს დიდი ხნის დამკვიდრებული მოსაზრებების შეცვლა იმის შესახებ, თუ როდის გამოვეყავით ჩვენ დანარჩენ ჰომინინებს. ჩინეთში აღმოჩენილი ერთ-ერთი თავის ქალას უახლესმა ფილოგენეზურმა კვლევამ ჩვენი გამოყოფის პერიოდი ნეანდერტალელებისა და დენისელებისგან 300 000 წლით უფრო ადრე გადასწია, რამაც ეჭვქვეშ დააყენა დამკვიდრებული შეხედულება იმის შესახებ, ცხოვრობდა თუ არა ჩვენი საერთო წინაპარი ოდესმე აფრიკაში. კიდევ არსებობს ხარპინის თავის ქალა, რომელიც 1933 წელს მუშამ აღმოაჩინა ჩრდილო- აღმოსავლეთ ჩინეთში. ეს 146 000 წლით დათარიღებული ნაშთი შეიძლება იმ ჰომინინს ეკუთვნოდა, რომელიც ნეანდერტალელსა და დენისელზე უფრო ახლოს დგას თანამედროვე ადამიანთან – დამაინტრიგებელი მინიშნება, რომელიც კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენი საერთო წინაპრის იდენტიფიცირებასთან. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ხარპინის თავის ქალა დენისელთა ოჯახის ცალკე შტოს შეიძლება წარმოადგენდეს ან, სულაც, სრულიად განსხვავებულ ხაზს. ადგილობრივმა პალეოანთროპოლოგებმა აღნიშნულ ხაზს ცალსახად ჩინური სახელი უწოდეს: Homo longi – ადამიანი დრაკონი.

მარკ თისენი
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში პეკინმა დიდი ინვესტიციები განახორციელა გენეტიკისა და პალეოპროტეომების ლაბორატორიებში, ასევე ახალი თაობის მეცნიერების გაზრდაში, რათა ამოევსო დასავლეთის, და აღმოსავლეთის მეცნიერებას შორის არსებული უფსკრული. ლაოსისგან განსხვავებით, ჩინეთი არ გასცემს ადამიანის განამარხებული ნაშთების ქვეყნიდან გატანის ნებართვას ანალიზისთვის და უცხოელ მეცნიერებსაც უზღუდავს მათზე წვდომას. ბევრი ახალგაზრდა ჩინელი მეცნიერი, ტუნგძიუ ჭანგივით, მიისწრაფვის თანამშრომლობისკენ. გასულ ზაფხულს მან ათზე მეტი უცხოელი მეცნიერი მიიწვია ველკერისა და დემეტერის ჩათვლით დასავლეთ ჩინეთში დენისელებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე. „ჩვენ ვერ ვიმუშავებთ და ვერ გამოვაქვეყნებთ ნაშრომებს მარტო, – ამბობს დემეტერი, – მე მათი დახმარება მჭირდება, მათ კი – ჩვენი“. ლაოსის ახალი მღვიმის, ტამ-ნეუნისკენ მიმავალმა სუზონიმ და მეცნიერთა გუნდმა შეაბიჯეს შორეული წარსულის სამეფოში, სადაც უძველესი წყალდიდობების ნაკვალევი გამოაშკარავდა. მღვიმის სიღრმეში გეოლოგი ფილიპ დურინგერი შუბლის ფარანს ანათებს კირქვის მრავალ თხელ ფენას – ბრექჩიას, რომლებიც გარს ეკვრის დანალექისა და ქანის სქელ შრეებს. „ამ ნაღვენთის ფორმირებას ათასობით წელი დასჭირდა, თუმცა დანალექი ერთი ცალკეული მოვლენის შედეგია, შესაძლოა ერთი დღისაც“, – თქვა მან. მღვიმის უკანა კედელთან პაწაწინა ჩრდილები ჩნდება კედელზე – ბრექჩიადან გამოშვერილი ძვლებისა და უძველესი კბილების კონტურები, რომლებიც სწორედ იმ ერთი მოვლენის დროს ჩაიმარხა 50 000 წელზე მეტი ხნის წინ. სუზონი ზურგზე დაწოლილი ხოხდება მღვიმის ყველაზე ღრმა დარბაზისკენ. მის სახეს სანტიმეტრები აშორებს ნაშთებით ინკრუსტირებული ჭერისგან. თუ იღბალი გაუღიმებს, შეიძლება კიდევ ერთი ისეთი აღმოჩენის ავტორი გახდეს, რომელიც ადამიანის ევოლუციის რუკას შეცვლის.

სწორედ ჯონ გურჩი არის ის პალეოარტისტი, რომელმაც დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალას საფუძველზე შექმნა 1,8 მლნ წლის წინანდელი ჰომინინის სკულპტურა.
წარსულის სახის აღდგენა
როგორ შეიქმნა იდუმალი ჰომინინის გამოსახულება National Geographic-ისთვის
პალეოხელოვნება აცოცხლებს სამეცნიერო აღმოჩენებს და პრეისტორიულ დროში გვახედებს. გადაშენებული არსებების რეკონსტრუქციები, Tyranozaurus rex-ის კომიკურად მოკლე წინა კიდურებიდან დაწყებული, ნეანდერტალელის გამოწეული შუბლით დამთავრებული, ჩვენს ფანტაზიას იპყრობს. ცნობილი პალეოარტისტი ჯონ გურჩი ერთ-ერთია იმ სულ რამდენიმე ხელოვანთაგან, ვინც ჩვენს დიდი ხნის წინათ გადაშენებულ ნათესავებს უკირკიტებს. გურჩის მოდელები, რომლებიც განამარხებული ძვლების მიხედვით იქმნება, უძველესი ადამიანების წარმოდგენაში გვეხმარება. წინამდებარე მოდელი გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყურებოდა გურჩის წარმოდგენით ახალი ჰომინინი, რომელიც Homo longi-ს სახელითაა ცნობილი.
გურჩიმ ყოველთვის იცოდა, რა უნდოდა: „მინდოდა მაქსიმალურად მივახლოებოდი იმ აღქმას, რომ გადაშენებულ სახეობას თვალებში ვუყურებდი“. პირველად დენისელებით რამდენიმე წლის წინ მოიხიბლა, როდესაც მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც, განამარხებული ნაშთების ფრაგმენტების უახლეს გენეტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, თავის ქალას თავისებურებებზე მსჯელობდნენ. შემდეგ, 2021 წელს, ჩინელმა მკვლევრებმა ხარპინის თავის ქალა აღმოაჩინეს, რომელიც, ზოგიერთის აზრით, ყველაზე სრულია სხვა აქამდე მიკვლეულ დენისელთა განამარხებულ ნაშთებს შორის. გურჩიმ სასწრაფოდ მიაპყრო თავისი მხატვრული და მეცნიერული მზერა ამ არაჩვეულებრივ ნაშთს თანამედროვე ადამიანის მსგავსი ზომის ტვინით, თუმცა უფრო ფართო პირითა და ბევრად გამოწეული შუბლით.
ხარპინის თავის ქალას მიხედვით შექმნილი მოდელი სახეობის ვიზუალიზაციის საშუალებას გვაძლევს. რაც უფრო მეტი განამარხებული ნაშთი აღმოჩნდება და გენეტიკური კვლევა ჩატარდება, მოდელებიც უფრო დაიხვეწება. წარმოდგენილი პროცესი გვიჩვენებს გურჩის სკრუპულოზურ სამუშაოს ხარპინის თავის ქალას მოდელის შესაქმნელად.
ბანგკოკში მცხოვრები ბრუკ ლარმერი 2006 წლიდან წერს ჟურნალ National Geographic-ისთვის.
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში