თუშური გუდა მაღალი მთებიდან
როგორ ვიცავთ იმ მახასიათებლებს, რომლებიც თუშურ გუდას
მსოფლიოში უნიკალურს ხდის


თუშური გუდა მაღალი მთებიდან
როგორ ვიცავთ იმ მახასიათებლებს, რომლებიც თუშურ გუდას მსოფლიოში უნიკალურს ხდის
განა სახელწოდებას რა მნიშვნელობა აქვს? აი, თუშური გუდის მწარმოებლებს თუ ჰკითხავთ, გეტყვიან, რომ – დიდი.
მათ, ვისაც სერტიფიცირებული თუშური გუდის გაყიდვის უფლება აქვთ, იციან, რომ ეს ყველი შორეული თუშეთის მაღალ მთებში მობალახე ცხვრისა და ძროხის რძით უნდა დამზადდეს.
მათ ისიც იციან, რომ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისამებრ, ყველი ცხვრის ტყავში, „გუდაში“ უნდა მომწიფდეს.
თუშური გუდა მხოლოდ საქართველოს ამ მხარეში, კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მზადდება. ალპური კლიმატი, ენდემური ფლორა, ყველის წარმოების ტრადიციები და მომწიფების ტექნიკა და თუშური ცხვარი – ყველა ეს ელემენტი თუშურ გუდას თავის უნიკალურ მარილიან, სახასიათო გემოს, სიცხარესა და პიკანტურ არომატს სძენს. მათი წყალობით ყალიბდება ყველის უჩვეულო ტექსტურაც – მკვრივი და ოდნავ ელასტიკური.
სახელი და რეპუტაცია
სხვა მაღალხარისხოვანი პროდუქციის მსგავსად, ბაზარზე თუშური გუდის დაბალხარისხოვან იმიტაციასაც ხშირად შეხვდებით.
ეს თუში მეცხვარეებისა და ყველის მწარმოებლების შემოსავალს ამცირებს და ყველის ხარისხსა და რეპუტაციას აზიანებს.
უკანასკნელ 20-30 წელიწადში ყველის ზოგიერთი მწარმოებელი ცხვრის ტყავის მაგივრად ცელოფნის პარკს იყენებს, რომელიც უფრო იაფია და მარტივი სახმარი. ყველის დავარგებისას ცელოფნის გამო ცხიმი იწოვება და ვიღებთ უფრო მშრალ, ნაკლებად არომატულ ყველს.

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო
იმისათვის, რომ დავიცვათ ყველის სახელი და რეპუტაცია და მწარმოებლებმა სამართლიანი საბაზრო ფასი და ხარისხის აღიარება მოიპოვონ, საქართველომ თუშური გუდის ყველი გეოგრაფიულ აღნიშვნად (GI) დაარეგისტრირა.
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭება ადასტურებს კავშირს მაღალი ხარისხის პროდუქტსა და მის ადგილწარმოშობასთან, ამ კავშირს კი ისე იცავს, როგორც უფლებას ინტელექტუალურ საკუთრებაზე.
GI დაცული ადგილწარმოშობის ნიშანია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუშური გუდის სახელის გამოყენება მხოლოდ იმ მწარმოებლებისთვის იქნება შესაძლებელი, რომლებიც დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ – წარმოების მეთოდებით დაწყებული, პროდუქტის ხარისხისა და უვნებლობის სტანდარტებით დამთავრებული.
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების (PAO) ნიშანი მომხმარებელს ამცნობს, რომ ისინი ნამდვილ პროდუქტს ყიდულობენ – ავთენტიკურ ნაწარმს, რომელიც ტრადიციასთან, მაღალ ხარისხსა და ადგილთანაა დაკავშირებული.

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო
ტრადიციის გაცოცხლება
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აქტიურად თანამშრომლობდნენ ყველის მწარმოებლებსა და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებთან თუშური გუდის ყველის დასაცავად და მის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.
ახალგაზრდა მეცხვარეები და ყველის მწარმოებლები გაერთიანდნენ და შექმნეს თუშური გუდის მწარმოებელთა ასოციაცია. ერთად ისინი ყველის ტრადიციული წარმოების პროცესს აცოცხლებენ, ავითარებენ პროდუქტის სპეციფიკაციებს და იცავენ ყველის PAO სტატუსს.
ასოციაცია საზოგადოებას ასწავლის, ასევე, ნამდვილი თუშური გუდის გარჩევას სხვა, მსგავსი სახეობის ყველისგან.

ხალხის, პროდუქტისა და ადგილის დაკავშირება
ქართული ყველის წარმოებას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. საქართველოში ყველის დაახლოებით 250 სახეობა იწარმოება.
თუშეთში ზაფხულში ციცაბო მთებიდან ბარში ცხვრის ჩამორეკვის ხელოვნება დიდი ხანია აქაური კულტურისა და ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, ოჯახები კი თუშური ყველის რეცეპტს თაობიდან თაობას გადასცემენ.
და მაინც, ჩვევებისა და ცხოვრების სტილის ცვლილებასთან ერთად, ტრადიციული საკვებიც ნელ-ნელა გაქრობას იწყებს. წარმატებული დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები ამ კულინარიული ტრადიციებისა და ცხოვრების წესის შენარჩუნებაში გვეხმარება.
რადგან არჩევანის მრავალფეროვნებით განებივრებული ბევრი მომხმარებელი მზადაა, ავთენტიკური, სპეციფიკური ხარისხის პროდუქტში ძვირი გადაიხადოს, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების ხარისხის ნიშნებს PGI-სა (დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა) და PAO-ს (დაცული ადგილწარმოშობის დასახელება) შეუძლია, გაზარდოს მწარმოებლის შემოსავალი და სოფლის ეკონომიკა გამოაცოცხლოს.

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო
მსოფლიოს 8000-ზე მეტ დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე სასურსათო პროდუქტს, ჯამში, 50 მილიარდი ევროს წლიური ბრუნვა აქვს.
წარმატებულმა GI-მ, ასევე, შეიძლება, მწარმოებელს რეგიონის ბუნებრივი რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების (მათ შორის იმ ფლორისა და ფაუნის, რომელიც სურსათს უნიკალურობას ანიჭებს) დაცვის მეტი მოტივაცია მისცეს.
თუშური გუდის მზარდ პოპულარობას სიამაყის გრძნობის გაღვიძება და ახალი, საინტერესო სამუშაო ადგილების გაჩენაც შეუძლია, მით უმეტეს, ახალ თაობაში.

თუშეთი, ტურისტებს თავისი ციცაბო ალპური ფერდობებითა და ბუნებრივი სილამაზით, ტრადიციული კულტურით და ისტორიით იზიდავს. თუშური გუდის მწარმოებლები ახლა თუშეთის ტრადიციული საკვებისა და ადგილობრივი გასტრონომიის გარშემო მდგრადი ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს განიხილავენ.
მათ იმედი აქვთ, რომ ამგვარად კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა თუშური გუდის დასაფასებლად და გაიგებს, რა მნიშვნელობა აქვს მის სახელწოდებას.
