
უბისის გარდამოხსნა
ეს და არაერთი სხვა ნივთი შესწირა უბისის ეკლესიას აბაშიძეების ოჯახმა, თუმცა არავინ იცის, შემდეგ რა ბედი ეწია ნაქარგობას.
ეროვნული მუზეუმის ქსოვილებისა და ნაქარგობის კოლექციის თვალიერებისას, ძნელია გამოარჩიო რომელიმე ნიმუში. მათი ხილვისას აღფრთოვანება გიპყრობს და კიდევ ერთხელ ოცდები ქართველი მქარგველების ოსტატობით – ოქრომკედითა და ვერცხლმკედით შესრულებული, ზოგჯერ თვალ-მარგალიტით შემკული ნამუშევრებით. თითოეულ ნამუშევარში ასახულია ქართული კულტურის უწყვეტი ხაზი – ჯერ კიდევ პრექრისტიანული ხანის ტრადიციები, რომელთა ტრანსფორმაცია ბუნებრივად მოხდა ქრისტიანულ კულტურაში და განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია შუა საუკუნეების ხელოვნებაში.
რაც უფრო დიდხანს აკვირდები ამ შედევრებს, მით უფრო ძლიერდება სურვილი სათანადოდ მოუარო მათ, რათა შემოუნახო მომავალ თაობებს და მშვიდდები, როდესაც ხედავ, როგორ ზრუნავენ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდის კურატორი გულნაზ ბარათაშვილი და მისი გუნდი – მზისთვალა კეცხოველი, იზოლდა მელიქიშვილი, ეთერ სულხანიშვილი და ფონდის ახალგაზრდა თანამშრომელი ეკა ბერელაშვილი თითოეულ ექსპონატზე.
მე-16 საუკუნით დათარიღებული „უბისის გარდამოხსნაც“ ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშთაგანია. მისი წარწერა გვამცნობს: „წ. ღმერთო და წ. გიორგი უბისისაო, მთავარ მოწამეო, მეოხ და მფარველ ექმენ აბაშიძეს გედეონს და თანა მეცხედრესა მისსა ჭილაძის ასულსა გულქანს. … აბაშიძესა ესტატეს და თანა მეცხედრესა მისსა ნარიობს. ამინ“. ეს და არაერთი სხვა ნივთი შესწირა უბისის ეკლესიას აბაშიძეების ოჯახმა, თუმცა არავინ იცის, შემდეგ რა ბედი ეწია ნაქარგობას. ისტორიკოსმა გიორგი ბოჭორიძემ, მას ფაქტობრივად ფრაგმენტებად დაშლილს მიაკვლია ერთ-ერთი ექსპედიციის დროს. მოგვიანებით, „უბისის გარდამოხსნა“ ხელოვნების მუზეუმს გადმოეცა, თუმცა, ძლიერი დაზიანებების გამო, მისი გამოფენა ვერ მოხერხდა.
რესტავრაცია საფრთხილო საქმეა და როდესაც ამ დონის ხელოვნების ნიმუშზეა საუბარი, გადაწყვეტილების მიღებასა და სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებას განსაკუთრებული შემართება და, რაც მთავარია, უზადო პროფესიონალიზმი სჭირდება. ალბათ, ასეთი – განსაკუთრებული გამბედაობა მოიკრიბა ქსოვილების განყოფილების მაშინდელმა გამგემ, მზია კეცხოველმა და რესტავრატორ მეგი ხუბულურს ნამუშევრის აღდგენა დაავალა გასული საუკუნის 80-იან წლებში.
რაც უფრო მაღალ დონეზეა შესრულებული სარესტავრაციო სამუშაოები, მით უფრო რთულია მისი კვალის შემჩნევა, რესტავრატორის ამოცანა, ხომ ნამუშევრისთვის პირვანდელი სახის მაქსიმალურად დაბრუნებაა და არა მისი სრული განახლება. „უბისის გარდამოხსნა“ უზადოდ შესრულებული რესტავრაციის კარგი მაგალითია, რადგან ამჟამად, ეროვნული მუზეუმის „შუა საუკუნეების საგანძურის” განახლებულ გამოფენაზე წარმოდგენილი, ატყვევებს დამთვალიერებელს თავისი დიდებული კომპოზიციით, გახუნებულ ფერებსა და გაცრეცილ ნაჭერში ასახული ისტორიით, მქარგველის დახვეწილი ოსტატობით, იკონოგრაფიული ტრადიციითა და ქართული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ნოვატორული დეტალებით… იუველირული ოსტატობით შესრულებული რესტავრაციის კვალი კი შეუიარაღებელი თვალისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება.