
უძველესი მეტალურგიის შესახებ საქართველოში
ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველო უძველესი მეტალურგიის ქვეყანაა. საქართველოს ნაწილის – კოლხეთის ლითონებით სიმდიდრე ცნობილი იყო ძველი სამყაროსათვის არა მარტო მითებიდან და ლეგენდებიდან, არამედ წერილობითი წყაროებიდანაც.
რუბრიკა: სარეკლამო სტატიები, ელ. სტატიები
არქეოლოგიაში, ისევე როგორც სხვა მეცნიერებებში, ახალი საუკუნეების მიერ მოტანილი სამეცნიერო სიახლეების შემოსვლსათან ერთად, გარკვეული პერიოდულობით აღმოჩნდება ხოლმე, რომ თეორიები, მოსაზრებები, მეთოდიკა გადახედვას ან სულაც ახლით შეცვლას მოითხოვს. სწორედ ამან მიგვიყვანა საქართველოში უძველესი მეტალურგიის საკითხების კვლევის აუცილებლობამდე.
მათგან ყველაზე ცნობილია ჰომეროსის ,,ოდისეაში’’ მოყვანილი იასონის და არგონავტების მოგზაურობა ზღაპრული ოქროს საწმისის მოსაპოვებლად, რაც შემდგომში უფრო დეტალურად აღწერა აპოლონიოს როდოსელმა. არგონავტებმა მოგზაურობისას მდინარე ფაზისის / რიონის სათავეებში იხილეს მთაზე ბრინჯაოს ხუნდებით მიჯაჭვული პრომეთე (ამირანი). საყოველთაოდ ცნობილია ბერძენი ისტორიკოსისა და გეოგრაფის სტრაბონის ფრაზა: ,, . . . ამ ქვეყნის (კოლხეთის) სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლით, რკინითა და სპილენძით გვიხსნის /არგონავტთა/ ლაშქრობის სწორ საბაბს. ამ მიზნით პირველი მგზავრობა ფრიქსემ მოაწყო . . .’’.
XX საუკუნის არქეოლოგიურმა კვლევებმა მითი რეალობად აქცია. გამოვლინდა ბრინჯაოსა და რკინის ნაკეთობების მრავალრიცხოვანი არტეფაქტები როგორც ე.წ. ბრინჯაოს განძებში, ასევე სამაროვნებზე, მაგრამ საჭირო იყო მთელი პროცესის დამადასტურებელი არქეოლოგიური ძეგლების – უძველესი მეტალურგიის ძეგლების აღმოჩენა.

და აი, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და შესწავლილ იქნა უძველესი მეტალურგიის ძეგლები – მეტალურგიული ქურა-სახელოსნოები. განისაზღვრა მათი ასაკი და ის, თუ რა ლითონს აწარმოებდნენ. მიჩნეულ იქნა, რომ ეს ქურა-სახელოსნოები მუშაობდა რკინის მადანზე, რომლის მიღებაც მაგნეტიტური ქვიშებიდან ხდებოდა. მათი ასაკის მიხედვით ჩაითვალა, რომ ეს იყო რკინის უძველესი საწარმოები და ისინი ხალიბებს – დასავლეთ-ქართველური ტომების – კოლხების, ტიბარენების, მოსინიკების, მაკრონების და სხვათა გარემოცვაში მცხოვრებ ტომებს დაუკავშირეს.
ასეთია ის შეხედულებები და მოსაზრებები, რომლებიც დღემდე არსებობს ქართულ არქეოლოგიაში.
ჩვენი დაინტერესება ამ საკითხებით გამოიწვია, პირველ რიგში, იმ შეუსაბამობამ, რომელიც არსებობდა არქეოლოგიურ მასალასა და თეორიაში და, აგრეთვე, იმ ნედლეულის სახეობაში, რომელსაც იყენებდნენ ძველი მეტალურგები.
შეუსაბამობა არქეოლოგიურ მასალასა და თეორიაში, ჩვენის აზრით, მდგომარეობს იმაში, რომ რკინის ათვისებამდე, გვიანი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. 15 ს) დასაწყისიდან კოლხეთში აღმოჩენილია დიდძალი ბრინჯაოს მასალა – ბრინჯაოს ზოდები, სარიტუალო, საომარი და სამეურნეო იარაღი, მრავალფეროვანი სამკაული და სხვ.
გაჩნდა კითხვა:
1) სად და როგორ მზადდებოდა ბრინჯაოს ზოდები, თუ ყველა შესწავლილი ქურა-სახელოსნო, რომლებიც არქეოლოგიური გათხრებით იყო აღმოჩენილი, რკინის მეტალურგიას ეკუთვნოდა?
2) სად და როგორ ხდებოდა მადნის მოპოვება და გადამუშავება; რა იყო ეს მადანი?
3) იქნებ ეს ყველაფერი გადახედვას მოითხოვს?
სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ემსახურება, თუნდაც მოკრძალებულად, ჩვენი პროექტი, რომელმაც საქართველოს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა.
ჩვენი მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბებას წინ უძღოდა საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაო – არქეოლოგიური დაზვერვები მთიანი კოლხეთის მხარეებში, უზარმაზარი თანამედროვე ლიტერატურის გაცნობა და სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა საანგარიშო სტატიებით და, რაც მთავარია, არქეომეტალურგიის წამყვანი ცენტრების მეცნიერებთან კონტაქტების დამყარება, რამაც ყველაზე არსებითი შედეგი გამოიღო. ჩვენი საქმიანობით დაინტერესდა და ძალიან მალევე ჩამოვიდა არქეომეტალურგი ოქსფორდიდან პროფ. ბრაიან გილმორი, რომელიც მანამდე იკვლევდა აჭარა-გურია-სამეგრელოს ძეგლებს და ანალიზებისა და კვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აქამდე აქ გასული საუკუნის 60-იან წლებში შესწავლილი არქეოლოგიური ძეგლები – ქურა-სახელოსნოები მუშაობდა არა რკინაზე, არამედ სპილენძზე, რამაც შეიძლება არა მარტო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები სულ სხვა კუთხით დაგვანახოს, არამედ დიდი გადატრიალება გამოიწვიოს კავკასიის არქეოლოგიაში.
ჩვენი მიზნები და ამოცანები ჩამოყალიბდა რუსთაველის ფონდის გრანტის პროექტის სახით და შესასწავლად შეირჩა მთიანი კოლხეთის არქეოლოგიური გათხრებით შეუსწავლელი რეგიონი – ლეჩხუმი, რომელიც ცნობილი ბრინჯაოს განძების (12 განძი) და მეტალურგიასთან დაკავშირებული ნარჩენების (წიდები, ქურის შელესილობები, თიხის მილები) ხშირი აღმოჩენის საფუძველზე არა-ერთი მკვლევრის მიერ გამოცხადებული იყო კავკასიის ერთ-ერთ მძლავრ მეტალურგიულ ბაზად ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, თუმცა, არქეოლოგიურად არ ყოფილა შესწავლილი.
ჩვენ გაუთხრელი ძეგლების შესწავლის, გეოლოგიური კვლევების ჩატარების და ჩვენი ინგლისელი კონსულტანტის მიერ განხორციელებული მრავალმხრივი და აუცილებელი ანალიზების წყალობით არა მარტო დადგენის, არამედ სამთო ნედლეულის განსაზღვრის (რაც სპილენძი გამოდგა) საშუალებაც მოგვეცა. წარმატებული გათხრები ლეჩხუმში და პროექტზე მუშაობა გრძელდება და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კვლევები ახალ სიტყვას იტყვის არა მარტო კოლხეთის, არამედ საქართველოსა და კავკასიის უძველესი მეტალურგიის სფეროში.
