უკრაინის 30-წლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის – ვიზუალური ქრონიკა
1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული,
უკრაინა უპირისპირდებოდა მეზობელი რუსეთის მზარდ კონტროლსა და ძალაუფლებას.


უკრაინის 30-წლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის – ვიზუალური ქრონიკა
1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული, უკრაინა უპირისპირდებოდა მეზობელი რუსეთის მზარდ კონტროლსა და ძალაუფლებას.
რუბრიკა: განცხადებები | სიახლეები
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ძალები შეიჭრნენ უკრაინაში, რასაც წინ უძღოდა ავისმომასწავებელი ერთწლიანი მზადება სამხედრო ძალების მობილიზებისთვის. მოსახლეობით თითქმის 45-მილიონიან ქვეყანას თავს დაესხნენ სამი მხრიდან: ჩრდილოეთით ბელარუსიდან, აღმოსავლეთით რუსეთიდან და სამხრეთით რუსეთის კონტროლირებული ყირიმიდან. უკრაინას სტრატეგიული მდებარეობა უჭირავს რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის – აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყანების ჩათვლით, რომლებიც ერთ დროს საბჭოთა სივრცეში შედიოდნენ, მაგრამ ახლა NATO-ს წევრ ქვეყნებად გვევლინებიან. ამ დასავლური თავდაცვითი ალიანსის გაფართოებას კი რუსეთი ძირეულ საფრთხედ აღიქვამს.

ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში რუსეთის ინტერვენციამ წარმოშვა დღემდე სადავო რამდენიმე რეგიონი, ცნობილი, როგორც „გაყინული კონფლიქტის“ ზონები – მათ შორის, უკრაინის საზღვრის გაყოლებაზე. უკრაინის ისტორია და კულტურა მჭიდრო კავშირშია რუსეთთან, მაგრამ რუსეთის ბატონობის გადაგდების მის ბოლოდროინდელ მცდელობას უკრაინელი ხალხის მსხვერპლი და ტერიტორიის დაკარგვა მოჰყვა. ოკუპირებულ მიწებში შედის 2014 წელს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული და აქედან მცირე ხანში უკვე აღმოსავლეთ უკრაინის მსხვილი რეგიონები – დღეს კი, 2022 წლის დასაწყისში, თავდასხმა მიმართულია მთელი ქვეყნისკენ.
1991 წ.
1991 წელს საბჭოთა კავშირი იშლება და უკრაინა აცხადებს დამოუკიდებლობას.


1994 წ.
უკრაინა უერთდება NATO-ს ერთობლივ პარტნიორობას. ის თმობს ბირთვულ არსენალს და სანაცვლოდ იღებს რუსეთის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მხარეთა მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას უკრაინის სუვერენიტეტის დაცვაზე.

ფოტო: ჰექტორ მატა, AFP/GETTY IMAGES
2003-2004 წწ.
საქართველოში 2003 წელს და უკრაინაში 2004 წელს, სადავო არჩევნების შედეგად, იწყება „ვარდების რევოლუცია“ და „ნარინჯისფერი რევოლუცია“ – პროტესტი კორუფციასა და რუსულ ზეგავლენაზე.


2008 წ.
უკრაინა და საქართველო დგამენ ნაბიჯებს NATO-ს ალიანსში გაწევრიანებისთვის. ამავე წლის ზაფხულში რუსეთი ზურგს უმაგრებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და იჭრება საქართველოში. უკრაინა იწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის გასაბმელად.


2014 წ.
კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე საპროტესტო აქციები იწყება, რადგან ხელისუფლება წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს. 100-ზე მეტ დემონსტრანტს კლავენ; უკრაინის პრეზიდენტი, რომელსაც რუსეთის მთავრობა უმაგრებს ზურგს, რუსეთში იხიზნება.

მარტი 2014 წ.
რუსეთი თავისი კონტროლის ქვეშ აქცევს ყირიმის ნახევარკუნძულს და ახდენს ტერიტორიის ანექსიას.


ფოტო: ბულენტ დორუკი, ანადოლუს სააგენტო/ GETTY IMAGES
აპრილი 2014 წ.
პრორუსული სეპარატისტები ხელში იგდებენ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის გარკვეულ ნაწილებს; 2015 წელს შემდგარი მინსკ-II-ის სამშვიდობო შეთანხმება ამშვიდებს ძალადობრივ დაპირისპირებებს, მაგრამ ამ რეგიონში 13 000 სასიკვდილო შემთხვევაზე მეტი აღირიცხება 2021 წლის ბოლო პერიოდის მონაცემებით.


2019-2020 წწ.
2019 წელს უკრაინის კანონმდებლობაში შედის საკონსტიტუციო ცვლილება – უკრაინა დაადგება NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზას. მომდევნო წელს უკრაინა ხდება NATO-ს „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი“ – თანამშრომლობს მისიებსა და წვრთნებში.

SPUTNIK VIA AP
2021-2022 წწ.
უკრაინის საზღვრის გაყოლებაზე რუსეთი თავს უყრის დიდ სამხედრო ძალებს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჯარს გზავნის დონეცკისა და ლუგანსკის იმ ნაწილებში, რომელთაც აკონტროლებენ სეპარატისტები და აღნიშნულ რეგიონებს ცნობს დამოუკიდებელ ერთეულებად. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმას რუსეთი იწყებს სრული მასშტაბით – სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებით.

დღეს
სადავო ტერიტორიები, რომელთაც რუსეთი უმაგრებს ზურგს, გვხვდება ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებშიც – მათ შორის საქართველოში და მოლდოვის აღმოსავლეთ საზღვარზე უკრაინასთან.
