ყველასგან განსხვავებული ქართული სამზარეულო
ტრადიციებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა


ყველასგან განსხვავებული ქართული სამზარეულო
ტრადიციებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა
კულინარია კულტურისა და იდენტობის გამოხატულებაა. მას შეუძლია ადამიანები დააახლოოს და გააღვივოს ამა თუ იმ დროის ან ადგილის მოგონებები.
კულინარიულ ტრადიციებს მთელ მსოფლიოში აფასებენ, ზოგ ქვეყანაში კი ტრადიციული სამზარეულოს აღორძინების ხანაც კი დადგა. მათ შორისაა საქართველოც. ქვეყანა ცნობილია როგორც ბიომრავალფეროვნების კერა და მდიდარია სოფლის მეურნეობის ისეთი ტრადიციული პროდუქტებით, რომლებსაც მსოფლიოში სხვაგან ვერსად ნახავთ: დაწყებული სულგუნით, დამთავრებული საფერავითა თუ ჩურჩხელით.
ამ პროდუქტებს ისეთი თვისებები ახასიათებს, რომლებიც მათი წარმოების რეგიონისთვისაა დამახასიათებელი და ბუნებრივ ფაქტორებზე – მცენარეთა და ცხოველთა სახეობებზე, კლიმატსა და ნიადაგზე, ასევე ადგილობრივთა ცოდნაზეა დამოკიდებული, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სწორედ ეს თვისებები აძლევს ამ პროდუქტებს სახასიათო გემოს, ფაქტურასა და იერს.

ფოტო: ნიკოლოზ მჭედლიძე
მაგალითად, ცნობილი თუშური გუდის ყველის უნიკალური გემო ამ რეგიონის მთებში მობალახე ცხვრის რძისა და ყველის დავარგების მრავალსაუკუნოვანი მეთოდის წყალობით მიიღება.
ქართულ ღვინოს კი უნიკალურობას ქვეყნის ყურძნის 500 ადგილობრივი სახეობა და რქაწითელისა და საფერავის მსგავსი ღვინოების ქვევრში დამზადების 8000-წლიანი ტრადიცია ანიჭებს.
ადგილწარმოშობასთან დაკავშირებული პროდუქციის უპირატესობები
ტრადიციული პროდუქციისა და საგარეო ვაჭრობის პირობების გაუმჯობესების ერთ-ერთი გზა მათთვის გეოგრაფიული აღნიშვნების (GI – Geographical Indication) მინიჭებაა.
GI არის საჯარო ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს მკაფიო კავშირს მაღალი ხარისხის პროდუქტსა და მის ადგილწარმოშობასთან, ამ კავშირს კი ისე იცავს, როგორც უფლებას ინტელექტუალურ საკუთრებაზე.
წარმატებულ გეოგრაფიულ აღნიშვნას თან ახლავს ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სარგებელი.
სხვა თუ არაფერი, GI პროდუქცია მაღალ ფასად იყიდება და ისეთ მზარდ ბაზარზე ხვდება, რომელშიც ფასობს ხარისხი, ტრადიცია, ავთენტიკურობა და რეპუტაცია. ყოველივე ეს სოფლის მოსახლეობისთვის შემოსავლის ზრდას ნიშნავს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ახალი კვლევის მიხედვით, ადგილწარმოშობასთან დაკავშირებული ეტიკეტი საბოლოო პროდუქტის ფასს 20-50 პროცენტით ზრდის არა-GI პროდუქციასთან შედარებით.

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო
მსოფლიოში რეგისტრირებულმა 8000-ზე მეტმა GI პროდუქტმა ბაზარში საინტერესო ნიშა წარმოქმნა და წლიურად, დაახლოებით, 50 მილიარდი ევრო მოიტანა.
გეოგრაფიულ აღნიშვნას გარემოსთვისაც მოაქვს სარგებელი: წარმატებულმა აღნიშვნამ ადგილობრივ მწარმოებელს მეტი მოტივაცია შეიძლება მისცეს, დაიცვას რეგიონის ბუნებრივი რესურსები.
საქართველოს მრავალფეროვანი მიკროკლიმატი – დაწყებული მთებით, დამთავრებული ზღვით – ბუნებრივი ჰაბიტატების ნაირსახეობასა და მდიდარ ენდემურ ფლორასა და ფაუნას ასაზრდოებს, მათ შორის იმ სასოფლო-სამეურნეო ბიომრავალფეროვნებას, რომელიც ადგილობრივ საკვებს უნიკალურობას ანიჭებს.
GI-მ სოფლის მეურნეობის ეკონომიკას ახალი ძალაც შეიძლება შემატოს – ხელი შეუწყოს წარმოებას და შექმნას სამუშაო ადგილები, მათ შორის ტურიზმსა და გასტრონომიაში.
რას გულისხმობს ეს ნიშანი
GI საყოველთაო სიმდიდრეა, რომელიც ქვეყნის მემკვიდრეობასა და რეპუტაციას უკავშირდება. მწარმოებლები, რომლებიც GI ეტიკეტს გამოიყენებენ (და შესაბამისად საკუთარ პროდუქციას განსაკუთრებულად წარმოაჩენენ), იმ წესებს უნდა დაემორჩილონ, რომლებსაც დათანხმდნენ ამ ეტიკეტის გამოყენების უფლების მისაღებად.
გეოგრაფიული აღნიშვნა სოფლის მეურნეობის სექტორს უფრო ინკლუზიურსაც ხდის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც GI სტანდარტებზე მცირე მასშტაბის მწარმოებლებიც და დიდი კომპანიებიც თანხმდებიან.
მსგავსი შეთანხმებები უზრუნველყოფს საბოლოო პროდუქტის ავთენტიკურობასა და მაღალხარისხოვნებას, საკვების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობას და ხელს უწყობს გარემოს მდგრად დაცვას.
GI, ასევე, მწარმოებლებს უფრო სარფიან ბაზრებზე შესვლის საშუალებას აძლევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – გარეთ.

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო
მომხმარებლები, რომლებსაც აღელვებთ გარემო, უსაფრთხოება და სოციოეკონომიკური სამართლიანობა, უფრო და უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას პროდუქტის წარმომავლობას. ყალბი დოკუმენტების აღმოსაფხვრელად შექმნილი სასერტიფიკაციო და საკონტროლო სისტემის წყალობით მომხმარებლებმა იციან, რომ GI ნიშნის მქონე პროდუქტის ყიდვისას ავთენტიკურ საკვებს შეიძენენ.
FAO და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების უნიკალური პროდუქტებისთვის GI-ის მინიჭებას უჭერენ მხარს – იქნება ეს ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტი, ღვინო, ტკბილეული თუ ხორცი.
ეს სურსათი ჯანსაღი და ტრადიციულია, თუმცა არსებობს მათი გაუჩინარების რისკი, განსაკუთრებით დღევანდელ სულ უფრო გლობალიზებულ მსოფლიოში, ცვალებადი ჩვევებითა და ცხოვრების წესით.

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო
ამ უნიკალური პროდუქციისა და, მასთან ერთად, გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვით გეოგრაფიული აღნიშვნა საკვების ალტერნატიული სისტემების განვითარებასა და ამ მდიდარი კულინარიული ტრადიციების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ის საშუალებას გვაძლევს, ახლებურად დავაფასოთ ამა თუ იმ ქვეყნის კულინარიული მემკვიდრეობა – გასტრონომიული მარშრუტებით, რომლებსაც დიდი შემოსავალი მოაქვს.
და, რაც ყველაზე მთავარია, ახალ თაობაში კულინარიული ტრადიციების პოპულარიზაციით გავაღვივოთ მშობლიური გემოს სიყვარული და მასზე ზრუნვის სურვილი.

მსოფლიო სურსათის დღეს, 16 ოქტომბერს, FAO მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, რომ სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებით, კიდევ უფრო მიუახლოვდეს გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანს – შიმშილის აღმოფხვრას დედამიწაზე და ჯანსაღი საკვების საყოველთაო ხელმისაწვდომობას. გეოგრაფიული აღნიშვნა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესში – ის ეხმარება მომხმარებელს ტრადიციული საკვების ხარისხისა და წარმოშობის დადგენაში, რაც ჯანსაღი და დაბალანსებული კვების აუცილებელი წინაპირობაა #WorldFoodDay