
სულ ახლახან Volvo-ს უახლესი მოდელი, 100%-ით ეკომეგობრული EX30 გამოვიდა. შვედური ბრენდის ეს სრულად ელექტრო SUV ერთი დამუხტვით 476 კილომეტრს გადის. EX30-ის გამოცდა თავიდან რაჭაში გვინდოდა; მისი გადაღება შემოდგომის ფონზე გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ წინა ღამეს ადრიანად ჩამოწოლილმა თოვლმა გეგმები აგვირია და, ბოლოს, თბილისიდან გომბორის გავლით წინანდლისკენ ავიღეთ გეზი.
გომბორზე ჯერ ბოლომდე არ იყო შემოდგომა დამდგარი. ხეების დიდი ნაწილი ისევ მწვანედ იყო შეფერილი, ამიტომ გზიდან გადავუხვიეთ და ჩვენი ფოტოგრაფის, ნიკოლოზის რჩევით, რომელიც Google map-ის ხედებს სატელიტით უყურებდა, გომბორის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარე ერთ-ერთ სოფლის გზას დავადექით. EX30 საკმაოდ რთულ გზებს მარტივად გაუმკლავდა და რამდენიმე წუთში ტყის ულამაზეს დერეფანში აღმოვჩნდით. მზის სხივები მანქანის ღია ცისფერ ექსტერიერს ალაგ-ალაგ ეცემოდა და ჩვენმა ფოტოგრაფმა, ნიკოლოზმაც მუშაობა დაიწყო.

პირველი, რაც EX30-ში ჩაჯდომისთანავე თვალში მომხვდა, სალონის დახვეწილი მინიმალისტური დიზაინი და ძალიან დიდი პანორამული ზედა შუშაა, რომელსაც ულტრაიისფერი სხივების შეკავება შეუძლია. სალონს ოთხი განსხვავებული ინტერიერი აქვს, ოთხივე ბუნების შთაგონებით შექმნილი. ღია ცისფერში გადაწყვეტილი გადასაკრავი და დეკორი განახლებადი და გადამუშავებული მასალებისგანაა დამზადებული. მაგალითად, დეტალების დაახლოებით 30%-ში გადამუშავებული პლასტმასაა გამოყენებული. იმავე ეკომეგობრული პრინციპითაა აწყობილი ექსტერიერიც.
უკანასკნელი მონაცემებით, მანქანების რაოდენობამ მარტო თბილისში 600 000-ს გადააჭარბა. მათი უმეტესობა ბენზინზე მუშაობს და 2024 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, საქართველოში დარეგისტრირებული მანქანების მხოლოდ 7%-ს აქვს ელექტროძრავა. ბენზინზე, დიზელსა და აირზე მომუშავე ავტომობილები ატმოსფერულ ჰაერში უამრავ მავნე ნივთიერებას გამოყოფს: ნახშირორჟანგს, აზოტის ოქსიდებს, მყარ ნაწილაკებს და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ცხადია, ყველა ეს ნივთიერება ჩვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასეთ პირობებში კიდევ უფრო აქტუალური ხდება Volvo-ს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა.
EX30-ის სალონის შუაში პლანშეტის სტილის ცენტრალური ეკრანია დამონტაჟებული, ამ ეკრანს ლამის დამოუკიდებლად შეუძლია მანქანის მართვა. ყველანაირი ინფორმაცია მარტივად აღქმადია – რამდენი პროცენტითაა მანქანა დამუხტული, რამდენი კილომეტრი დაგვრჩა გასავლელი. მოკლედ, ყველაფერი, რაც მძღოლს საქმეს უმარტივებს, მის გვერდით მდებარე ეკრანზე გამოისახება. მათ შორისაა Google-ის სისტემები. აქვეა პარკირების დამხმარე სისტემა – Park Pilot Assist და 360-გრადუსიანი კამერა, რომელიც ეკრანზე მანქანიდან სამგანზომილებიან ხედს გვთავაზობს.

გომბორიდან დაშვებისას ჩვენმა მძღოლმა საბამ, რომელიც Volvo-ს გაყიდვების მენეჯერია, სულ რამდენიმე წამით მის გვერდით მჯდომი ნიკოლოზისკენ მიატრიალა თავი. თან უყვებოდა, რომ 2016 წლიდან დღემდე Volvo-ს XC90-ით ავტოავარიისას არცერთი ადამიანი არ დაღუპულა. უცებ ეკრანზე უსაფრთხოების სიგნალის ხმა გაისმა, პლანშეტმა საბას გზაზე კონცენტრაციის „დირექტივა“ მისცა: „აი, შენიშვნა მომცა, წინ იყურეო“.
მეორე დღეს 96%-ით დამუხტული ელემენტებით ყვარელში, სოფელ შილდისკენ დავიძარით, ნეკრესის ცეცხლის ტაძრისკენ, რომელიც პირდაპირ ვენახის შუაგულში იყო ჩამალული. ეს კომპლექსი ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებითაა დათარიღებული და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავ ძეგლადაა აღიარებული.
დრონმა Volvo EX30-ის თანამედროვე დიზაინი და მაზდეანური ტაძრის ზედხედი შორიდან დააფიქსირა, ციდან ნელ-ნელა მანქანაზე ზუზუნით დაეშვა და ჩვენც წინანდალში, ჩვენს სასტუმროში დავბრუნდით. მანქანიდან გადმოსვლამდე ეკრანს შევხედე, მაინტერესებდა ელემენტების დამუხტვის დონე. 8-საათიანი შეუჩერებელი სიარულის, მათ შორის Off-road გზების გავლის შემდეგ, 17% კიდევ დარჩენილი იყო და სულ გავლილი გვქონდა 295 კმ.
EX30-ით ნეკრესის ცეცხლის ტაძრისკენ დავიძარით, რომელიც პირდაპირ ვენახის შუაგულში იყო ჩამალული. კომპლექსი ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებითაა დათარიღებული.
EX30-ში გამოყენებულია ინოვაციური დეკორი, რომელიც გადამუშავებული პლასტმასის ნარჩენებისგან არის მიღებული, ტექსტილის ქვეშსადები ხალიჩები კი — გადაყრილი სათევზაო ბადეებისა და სხვა გადამუშავებული ნარჩენებისგან.
EX30-ით ნეკრესის ცეცხლის ტაძრისკენ დავიძარით, რომელიც პირდაპირ ვენახის შუაგულში იყო ჩამალული. კომპლექსი ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებითაა დათარიღებული.
EX30-ში გამოყენებულია ინოვაციური დეკორი, რომელიც გადამუშავებული პლასტმასის ნარჩენებისგან არის მიღებული, ტექსტილის ქვეშსადები ხალიჩები კი — გადაყრილი სათევზაო ბადეებისა და სხვა გადამუშავებული ნარჩენებისგან.
დასამუხტი სადგურები შეგიძლიათ იპოვოთ თქვენ მიერ არჩეულ მარშრუტზე Google Maps-ის გამოყენებით ცენტრალური ეკრანიდან ან Volvo EX30-ის აპლიკაციის მეშვეობით. შეგიძლიათ ასევე დამუხტოთ ავტომობილი სახლში, Volvo Cars-ის კედლის ყუთის მეშვეობით. საბამ ამიხსნა, რომ ამისთვის მთავარია სახლსა ან ნებისმიერ შენობაში ელექტრობა იყოს მოწესრიგებული.

სად დავტენეთ ჩვენი მანქანა? – EX30 წინა ღამეს სასტუმროს ფოიედან გადაყვანილი კაბელით წარმატებულად დაიმუხტა, თუმცა მეორე დღეს სხვა რამის გამოცდა გადავწყვიტეთ. ამისთვის გადავინაცვლეთ იქვე, წინანდლის სასტუმრო „რადისონში“, სადაც „თეგეტა ქარსის“ ელექტრომობილების დასამუხტი გვეგულებოდა. სახლის პირობებში საშუალოდ 7-8 საათია საჭირო იმისთვის, რომ ელექტრომანქანა სრულად დაიმუხტოს. თუმცა, არსებობს ე.წ. სწრაფი დამტენებიც, რომლებსაც მაქსიმუმ 3 საათი ჰყოფნის. წინანდლის ულამაზეს ეზოში 2-საათიანი სეირნობის შემდეგ საბამ დაგვიძახა და სიამაყით გვითხრა, რომ ჩვენი Volvo-ს ელემენტები 80%-ს გადასცდა. თბილისში შესვლისთანავე ეკრანზე რაღაც გამოჩნდა. წინ სატვირთო მანქანა დავინახე: „გამონაბოლქვი დააფიქსირა და სალონში ჰაერის ავტომატური გაწმენდის სისტემა ჩაირთო“, – ამიხსნა საბამ.
თბილისის საცობებში, ფიქრებში გართულმა, წარმოვიდგინე, რამხელა ძალისხმევა სჭირდება ამ მანქანას ყოველდღიურად, როგორც კი თბილისის ქუჩებში სიარულს იწყებს და უწევს, მძღოლს შეახსენოს, რომ „შიგნით ჰაერის გაწმენდის დროა“.
