საიმპერატორო პინგვინების ამ თვალისმომჭრელ კადრში ძალიან სათუთი მოვლენაა ასახული: სანამ მდედრები საშოვარზე არიან, მჭიდროდ შეჯგუფებული მამრები ანტარქტიკული სუსხისაგან იცავენ შვილებს, რომლებიც ჯერ არ გამოჩეკილან. ეს მზრუნველი მშობლები და ერთგული პარტნიორები დედამიწის ისეთ არასტუმართმოყვარე ადგილებში ბინადრობენ, რომ ადამიანებისგან უშუალო შევიწროება მათი ყველაზე ნაკლები სადარდებელია, თუმცა ანთროპოგენური პრობლემები ყველასათვის საყვარელ ფრინველს მაინც უქმნის საფრთხეს. მათი წინაპრები დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ დედამიწის იმ არეალში, სადაც ამჟამად ახალი ზელანდიაა და დღეს არამფრენი, მაგრამ იდეალურად მცურავი პინგვინის 18 სახეობა გვხვდება სამხრეთ პოლუსიდან ეკვატორამდე. ვრცელი სტატია „პინგვინების საიდუმლოებანი“ მოგითხრობთ ამ ქარიზმატული ცხოველის სახეობრივ მრავალფეროვნებაზე, ექსტრემალურ პირობებთან ადაპტაციის უნარსა და სხვა განსაკუთრებულ თვისებებზე, რომელთა გამოც პინგვინები ჩვენს აღფრთოვანებას იმსახურებენ.
ივნისის ნომერში ასევე გამოგზაურებთ გრენლანდიის აქამდე შეუსწავლელ მღვიმეებში, რომლებიც პალეოკლიმატის შესახებ მინიშნებებს ინახავს; წარმოგიდგენთ ინდონეზიელ მიწათმოქმედებსა და ოსტატებს, რომლებიც მდგრად მოდას ქმნიან; გაგაცნობთ მაროკოს ერთ თემს, რომელიც ძველი ცოდნისა და ინოვაციის შერწყმით ცდილობს ოაზისების გადარჩენას.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic – საქართველოს.