
ათვლა თავიდან
“სულ რაღაც 717 700 ხე დაგვრჩა დასარგავი” – ვიმხნევებდით თავს, როდესაც აქ პროექტ “აღადგინეს” ბოლო დარგვით სამუშაოებს ვტოვებდით. მათ კი, ვინც ბორჯომის ტყის აღდგენის ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებდა, ექსპერიმენტის სახით ღრმად ჩასუნთქვასა და ასე გაჩერებას ვთავაზობდით. დღეს, კი ალისა და ფერფლისაგან სუნთქვაშეკრული ათვლას ხელახლა ვიწყებთ...
რუბრიკა: ელ. სტატიები
სოფელ დაბისა და წაღვერის მიმდებარედ ხანძრის სამი კერა აღმოცენდა. პირველად ცეცხლი უკვე ნახანძრალ ხეებს წაეკიდა, რომლებსაც ეროზიის საწინააღმდეგო ბარიერებად იყენებდნენ. სტიქიამ თითქმის სიზუსტით გაიმეორა 2008 წლის ხანძრის ტრაექტორია, თუმცა ამჯერად ტყის იმ მასივშიც შეიჭრა, რომელიც მაშინ გადარჩა. ისედაც დაზიანებულ ტერიტორიაზე ცეცხლის სწრაფად გავრცელების ყველა წინაპირობა იყო, ძლიერმა ქარმა და მისი მიმართულების ცვლილებამ კი ვითარება გაამწვავა. ხანძრის შედეგი უარეს მოლოდინებზე უფრო მძიმე აღმოჩნდა – ღამის განმავლობაში სწრაფად განახლებულმა ალმა, ამ გაზაფხულზე დარგულ ნერგებთან ერთად, 2013 წლიდან სატყეო სააგენტოს მიერ აღდგენილი ტყის ნაწილიც მოიცვა, სადაც ფოთლოვანი ხეები უკვე მეტრის სიმაღლეზე იყო გაზრდილი.
პირველი კვამლი 21 აგვისტოს დღის 2 საათზე შენიშნეს. სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მალევე შეიკრიბნენ ადგილზე. ცეცხლის გაჩენიდან დაახლოებით 2 საათში კი პირველი, და იმ დღეს ერთადერთი ვერტმფრენი გამოჩნდა, რომელსაც ცეცხლთან საბრძოლველად სულ რამდენიმე საათი ჰქონდა დარჩენილი. ღამით, ცუდი ხილვადობის გამო, ის მუშაობას შეწყვეტდა. ხანძრის გაჩენის სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობენ, თუმცა როდესაც სტიქია ისეთ მასშტაბებს აღწევს, როგორიც ბორჯომის ხეობაში იყო, საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთვება, იქმნება შტაბი და საგანგებო სიტუაციის მართვის კოორდინირება პრემიერ- მინისტრის ხელში გადადის. ღამის პირველი საათისთვის, ჩათვალეს, რომ ცეცხლი თითქმის სრულად იყო ლოკალიზებული და აღარ გავრცელდებოდა. თუმცა ღამის განმავლობაში ქარი გაძლიერდა, მიმართულება იცვალა და ხანძარიც განახლდა.

ფოტო: თამარ ბაღაშვილი
ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოს 200-მდე თანამშრომელმა, უფრო მეტმა მეხანძრემ, ტექნიკამ და ჯარის ნაწილმაც მოიყარა თავი. თუმცა, მალევე ნათელი გახდა, რომ მათი თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, ბორჯომის ტყის რთული და მიუდგომელი რელიეფიდან გამომდინარე, ცოცხალი ძალა ფაქტიურად უძლური იყო – გადამწვეტი მნიშვნელობა ავიაციას ჰქონდა.
“მუდმივ მზადყოფნაში გვქონდა ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის სქემა ხანძარსაშიშროების კლასების მიხედვით; სადაც კი შესაძლებელი იყო, რომ ფიზიკურად გაყვანილი ყოფილიყო გზა და ბილიკები – ყველაფერი მოწესრიგებული იყო, მაგრამ 40 გრადუსიან აღმართზე ვერანაირი სახანძრო ტექნიკა ვერ ავა”, – მეუბნება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი და დაღლილ მზერას აყოლებს ვერტმფრენის მორიგ გადაფრენას – „გზა გაყვანილი იყო სანერგეებისკენაც, თუმცა ბილიკი ციცაბო აღმართის დასაწყისში წყდება. რელიეფიდან და ჩვენი ტყეების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია ყველგან გქონდეს ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის გასავლელი სათადარიგო გზა. შესაბამისად, ასეთ დროს ავიაციაა ყველაზე მთავარი”.

ფოტო: დავით დაუთაშვილი
ქმედითი ხანძარსაწინააღმდეგო საჰაერო მხარდაჭერა, რომელიც ცეცხლს შედარებით ხელსაყრელი პოზიციიდან მიუდგებოდა, როგორც აღმოჩნდა სახელმწიფოს მარაგში საკმარისად არ გვყავს. შველა, რომელსაც ალმოდებული ტყის მასივები ელოდნენ, ხანძრის მხოლოდ მეორე დღეს, გაძლიერებული ქარისა და გავრცელებული ცეცხლის პირობებში მოფრინდა – ცაზე აზერბაიჯანული, დღის ბოლოს კი უკვე თურქული ვერტმფრენები გამოჩნდა.
დამსვენებლები მდუმარედ აწყობდნენ ნივთებს მანქანაში და ბავშვების მზერას ალმოკიდებულ ტყეებს არიდებდნენ; ძლიერმა სტიქიამ ადგილობრივი მოსახლეობაც დაზაფრა. თუმცა, დასახლებულ პუნქტთან ხანძრის სიახლოვის მიუხედავად, ევაკუაციის განკარგულება არ გაცემულა და არც პანიკა იგრძნობოდა სოფელში, ადგილობრივები საკუთარი ძალებით ეხმარებოდნენ მაშველებს – ზოგი სახანძრო მილს ჭიმავდა, ზოგი ცეცხლის შემაჩერებელ თხრილს აკეთებდა, ზოგი გადაღლილ მეტყევეებსა და მეხანძრეებს ჭვიშტარით აპურებდა… სამოქალაქო სოლიდარობა და ჩართულობა ამ შემთხვევაში დიდი იყო, ისევე როგორც უსუსურობისა და დაუცველობის შეგრძნება. ადგილობრივები მობილიზაციის ოფიციალურად გამოცხადების დაგვიანებაზე მიუთითებენ, შტაბის შექმნის ბიუროკრატიაზე ჩივიან და ამბობენ, რომ ასეთ საგანგებო სიტუაციაში მეტი მოქნილობა და ოპერატიულობაა საჭირო, ისევე როგორც სათანადო ტექნიკა. სამუშაოები სტანდარტის მიხედვით მიმდინარეობდა, თუმცა რამდენად ადეკვატური იყო აღჭურვილობა ან რამდენად დროულად იქნა განხორციელებული ფურცელზე გაწერილი საგანგებო სიტუაციების გეგმა (მეზობელი ქვეყნებისაგან დახმარების მოთხოვნის ჩათვლით), ალბათ, შედეგიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ – განადგურებული ტერიტორიების ფართობი ჯერ კიდევ დასადგენია.
2008 წლის ხანძარმა წარმოაჩინა როგორი მოუმზადებელი აღმოჩნდა სახელმწიფო მსგავსი მასშტაბის სტიქიისათვის – იმ წელს ბორჯომის ხეობამ და თითოეულმა ქართველმა თითქმის 1000 ჰექტარამდე გადამწვარი ტყის მასივით, მათ შორის, 250 ჰექტარი პირწმინდად განადგურებული ტყით იზარალა. თითქმის 10 წლის თავზე კი თითქოს ყველაფერი თავიდან დაიწყო. გაუგებარია, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და რისკების მართვის ეპოქაში, გამოცდილებისა და საგანგებო სიტუაციებთან გამკლავების გამართული გეგმის არსებობის პირობებში, რატომ აღმოჩნდა 3,7-მილიონიანი ქვეყანა სასაზღვრო პოლიციის ერთი ხანძარსაწინააღმდეგო ვერტმფრენის ამარა… სტიქიის წინაშე უსუსურობისა და უუნარობის შეგრძნება ამჯერადაც მეზობელი ქვეყნების დახმარებით შემსუბუქდა. თუმცა, საკითხავია, მცდარ გათვლებზე დაყრდნობით, როდემდე უნდა ვიყოთ ქარის ჩადგომის, წვიმის მოსვლის ან ღვთის წყალობის იმედად?
“ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ”, – ამბობს ნათია. სტიქია ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ლიკვიდირებული, კერების დასუფთავებასაც რამდენიმე დღე დასჭირდება. შემდეგ დაიწყება სამუშაო ზარალის შესაფასებლად. ნიადაგის შესასწავლად სინჯებს აიღებენ, რადგან ცეცხლი ხიდან ხეზე იმდენად სწრაფად ვრცელდებოდა, რომ ხშირად მიწამდე ვერ აღწევდა. არის იმედი, რომ ადგილობრივი ეკოლოგიის აღორძინების საწინდარი, ნიადაგი ნაკლებად დაზიანდა. გარემოს დაცვის სამინისტროს სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ცეცხლის შედეგად ჰაერის დაბინძურება საგანგაშო არ არის. თუმცა საქმე მხოლოდ სუფთა ჟანგბადში როდია – მსგავსი სტიქიური მოვლენების სიხშირე და მასშტაბები მიკროკლიმატს ცვლის.
როდესაც ნიადაგი მრავალჯერად მწვავე დაზიანებას იღებს, ნადგურდება ტყე და რეგენერაციისათვის მნიშვნელოვანი ჰუმუსის ფენა. ნალექების შესრუტვის მექანიზმის რღვევის გამო, ხშირდება წვიმიანობა, იმატებს ღვარცოფები და ცხოველები და ფრინველები ტოვებენ ტერიტორიებს. ღვთის რისხვა აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ, ირღვევა მთლიანი ეკოლოგიური ჯაჭვი და შედეგიც სახეზეა. სუფთა ჰაერთან და გირჩის მურაბასთან ერთად, შესაძლოა, ბორჯომის ხეობას – ისეთი სახით, როგორსაც მას ახლა ვიცნობთ, ნელ-ნელა გამოვემშვიდობოთ.

ფოტო: დავით დაუთაშვილი
ადგილობრივ ეკოსისტემას კიდევ მრავალი წელი და ადამიანის ჩარევა დასჭირდება აღსადგენად. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ურიცხვი აღდგენითი სამუშაო გასწია და 200 000-მდე ნერგი გაახარა; ბიზნესინფორმაციის სააგენტოსა (BIA) და სტარტაპ Treepex-ის საორგანიზაციო ჯგუფის ინიციატივით, 2017 წელს პროექტ “აღადგინეს” ჩაეყარა საფუძველი და ბორჯომის ტყე კიდევ 32 300 ნერგით გამწვანდა, კომპანიებისა და კერძო პირების ჩართულობით. მიუხედავად იმისა რომ ხანძარმა მიღწეული შედეგების უმეტესი წილი და ახალი ტერიტორიები შეიწირა, შემართება ურყევია. შესაბამისად, ხეების დარგვა მნიშვნელოვანი ეტაპია ტყის აღორძინებაში, მაგრამ ეს პროცესი წყლის ნაყვას რომ არ დაემსგავსოს, გარემოს გაფრთხილება და საგანგებო სიტუაციასთან გამკლავება უფრო ადეკვატურად, დროულად და შესაბამისი აღჭურვილობით უნდა ვისწავლოთ.
ათვლა თავიდან დაიწყება… ამჯერად ხეებთან ერთად ვითვლით ყველაფერს – მწარე გამოცდილებებს, მცდარ მოლოდინებს, ვერტმფრენებს, უყურადღებოდ მიტოვებულ კოცონებსა თუ სიგარეტის ნამწვებს…