ვიდგეთ მედგრად
ყველაფერი მოზღვავებული ოპტიმიზმით დაიწყო: 2021 – იმედისა და ვაქცინების წელი. შემდეგ გამოჩნდა კონფლიქტები და ვირუსის ახალი ტალღა, კლიმატის კრიზისიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. როგორც ჩანს, ესაა წელი, როდესაც უნდა...
2021 წლის ივლისში ინდონეზიელი ფოტოჟურნალისტი მუჰამად ფადლი კამერით ხელში ჯაკარტის მახლობელ სასაფლაოს მიადგა და კიდევ ერთხელ, კიდევ უფრო მძაფრად გაიაზრა, რამდენად შეცდა. მარტსა და აპრილში, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ფადლიმ თავს დააჯერა, რომ ცხოვრება კალაპოტს უბრუნდებოდა: ხედავდა ვაქცინაციის ეროვნულ კამპანიას, ბაზრებში სიცოცხლე ისევ ჩქეფდა, მოლები იხსნებოდა.
მაგრამ არა. ეს იმ მოჩვენებით სიმშვიდეს ჰგავდა, საშინელებათა ჟანრის ფილმებში ტრაგედიის დადგომამდე რომ გვხვდება. ახლა ამ ახალ სასაფლაოზე – ერთ-ერთზე იმ ექვსიდან, რომლებიც ქალაქის მთავარი საჯარო სასაფლაოს გადავსების შემდეგ ააშენეს – მიწასათხრელი მანქანები მეტ ტერიტორიას ასუფთავებდნენ, ფონად მგლოვიარე ჭირისუფლები იდგნენ.
შესასვლელში შეამჩნია, რომ კატაფალკებს რამდენიმე წუთში ერთხელ ახალი გარდაცვლილი შემოჰყავდათ. ხშირად რიგიც კი დგებოდა. როდესაც მძღოლები უკანა კარს აღებდნენ, ფადლიმ გაიაზრა, რომ ზოგ ავტომობილში ერთზე მეტი კუბო იდო. „ზოგში ოთხი გარდაცვლილიც კი იყო“, – მითხრა სექტემბრის დასაწყისში. ორივენი გავჩუმდით, სცენა წარმოვიდგინეთ, სატელეფონო ხაზზე სიჩუმე ჩამოვარდა.
სახლში, კალიფორნიაში ვიყავი, როდესაც ჩრდილოეთის ხუთ ოლქს ცეცხლი ეკიდა და კიდევ ერთი 89 000-ჰექტარიანი ხანძარი ჯერაც საუთ-ლეიკ-ტაჰოსკენ მოიწევდა. ფადლი ინდონეზიაში იყო, სადაც ზაფხულში COVID-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით ინდოეთსაც გაასწრეს. „ჩემი ცოლისძმა, სიმამრი – კოვიდი“, – მითხრა მან. „ჩემი ცოლისდა თითქმის 15 დღე იყო ჰოსპიტალში.“
მერე…?
თუ ჩვენ გარშემო ბუნებას უკეთ არ ვმართავთ, გავანადგურებთ დედამიწაზე ჩვენივე სიცოცხლის საფუძველს“. – ელიოტ ჰარისი, გაეროს მთავარი ეკონომისტი
„ყველა გადარჩა“, იმიტომ რომ გაუმართლათ და, ალბათ, იმიტომ, რომ ინფიცირებამდე ვაქცინის პირველი დოზის გაკეთება მოახერხეს. დელტა ვარიანტი წელს მთლიან კონტინენტებს მოედო, მაგრამ ინდოეთსა და ინდონეზიაში განსაკუთრებით მძვინვარებდა. ჯაკარტიდან გზავნილი იტყობინებოდა, რომ ორნახევარ კვირაში 114 ინდონეზიელი ექიმი გარდაიცვალა COVID-19-ით.
ამ ყველაფრის გადასაღებად ფადლი ტანჯვის, უიმედობის, ახლობელთა დაკარგვის არაერთ სცენას შეესწრო. მან, ასევე, ისეთ ადგილებშიც გადაიღო ფოტოები, სადაც ადამიანის გადაწყვეტილების სიმტკიცეში იმედის დანახვა შეძლო: ქალაქის ავტობუსების სადგური, რომელიც მასობრივი ვაქცინაციის პუნქტად გადაკეთდა და რომელიც ასაცრელად მოსული ინდონეზიელებით იყო სავსე; საკლასო ოთახი, რომელშიც მოსწავლეებს ნიღბები გაუკეთებიათ და მოკრძალებით მოურგიათ ჰიჯაბი ან ჰალსტუხი, მასწავლებელი კი ხის მერხებს შორის სასკოლო დავალებებით დაიარება. პირს ნიღაბი უფარავს, მაგრამ ღიმილი თვალებზე ეტყობა.
უკვე მეორედ ხდება, რომ National Geographic-მა იანვრის გამოცემაში წარმოგვიდგინა ფოტოგრაფების შთაბეჭდილებები წინა წლიდან. 2021 წლის იანვარში ჟურნალმა წინა 12 თვის მღელვარებისა და გლოვის ვიზუალური შეჯამება გამოაქვეყნა. მომავალი წელი უფრო მეტ შესაძლებლობას გვპირდებოდა – ახალი ვაქცინა რეკორდულ დროში უნდა შეგვექმნა, მსოფლიო ვაქცინაციის გეგმაც ყველაზე ამბიციურად გვექცია, საერთაშორისო საზოგადოებაც შეთანხმებულიყო, რომ თავდაპირველად ჯანდაცვის მუშაკები და მოხუცები უნდა დაგვეცვა.
როდესაც National Geographic-ის რედაქტორები 2021 წლის ათასობით ფოტოს ათვალიერებდნენ, თემატიკაც გამოიკვეთა: კლიმატი, კონსერვაცია და ისევ – კოვიდი. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფოტოებზე შვება არ არის, მაგრამ გვაქვს სილამაზე, სიმტკიცე და იმედი. „ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც სხვების დახმარებას ცდილობენ“, – ამბობს ხოლმე მუჰამად ფადლი.
ამ წლის გადასაღებად ჩვენს ფოტოგრაფებს ტანჯვის, უიმედობის, ახლობელთა დაკარგვის არაერთი სცენის ხილვა მოუწიათ, მაგრამ ისინი გახდნენ მშვენიერების, შვებისა და იმედის მომსწრენიც.
ნიღაბსა და პერანგში გამოწყობილი, ტყით დაფარული მწვანე ველის თავზე მარტო მდგომი კაცი ნაზირ აჰმედია. იგი ინდოეთის რეგიონებში, ჯამუსა და ქაშმირში, ჯანდაცვის მუშაკია და გადაკარგულ მეცხვარეებს ეძებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას.
პატარა ალპაკით ხელში ალინა სურკისია გომესი დგას. ის პერუში ცხოველთა მომშენებლების კოოპერატივში მუშაობს ალპაკებისა და ლამების მომშენებელთა მრჩევლად. აქ ცხოველების საძოვრები სამთო მრეწველობის დაბინძურებამ და კლიმატის ცვლილებამ გაანადგურა.
ა მ წლის ფოტოებს შორის საზღვრების გავლება მარტივი არ არის. 2021 წელს COVID-19-ის ვაქცინის შექმნის ტრიუმფმა თავისი უთანხმოებებიც მოიყოლა (რას ვიფიქრებდით, რომ ამოდენა ბრაზს გამოიწვევდა ინექცია, რომელიც სიკვდილისგან გვიცავს?). სახეობების, ეკონომიკების, ტერიტორიების დაცვის თითქმის ყოველი მცდელობა კლიმატის ცვლილების ფონზე ხდებოდა. 9 აგვისტოს გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა პირქუში შეფასებებისა და წინასწარმეტყველებების 2000-გვერდიანი კრებული გამოაქვეყნა. უკანასკნელ 20 წელში ეს იყო მეექვსე ასეთი ანგარიში და ის გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, „კაცობრიობის განგაშის ზარად“ შერაცხა. ანგარიშის გამოქვეყნებიდან თითქმის ერთი კვირის თავზე კალიფორნიაში, „კალდორის“ 89 000-ჰექტარიანი ხანძარი დაიწყო და გვალვით გაპარტახებულ ფერდობებს მოეკიდა, სანამ მეხანძრეები შტატის ჩრდილოეთით სხვა უშველებელი ხანძრის, „დიქსის“ ჩასაქრობად ღვრიდნენ ოფლს.
„დიქსი“ კალიფორნიის ისტორიაში რიგით მეორე უდიდესი ხანძარი იყო და მისი სრულად შეკავება მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს შეძლეს. ლონდონში მომუშავე ფოტოგრაფმა, ლინსი ადარიომ, მთელი კარიერა კონფლიქტის აღბეჭდვას დაუთმო. ადარიომ 2021 წლის ზაფხული კალიფორნიაში გაატარა, ცეცხლთან მებრძოლი მამაკაცებისა და ქალების გვერდით.
ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები ერთმანეთს ემტერებიან. უკვე იმდენი ვიტირე, რომ თვალებიდან ძლივს ვიხედები“. – ჰაფიზა თავის ვაჟებზე
2021 წელს შევესწარით ტეხასის გამყინვარებას თებერვალში, კანადის რეკორდულ სიცხეს ივნისში, გერმანიისა და ბელგიის მომაკვდინებელ უეცარ წყალდიდობებს ივლისში. ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კლიმატის შემსწავლელი მეცნიერი, კეტრინ ჰეიჰო, ამ ყველაფერს „გლობალურ გაუცნაურებას“ უწოდებს. ცდილობს, უარი გვათქმევინოს სასოწარკვეთილებაზე და დაგვანახოს შესაძლებლობა, რომ დღეს როგორც შემაძრწუნებელი, ისე დიდებული დროა ჩვენს პლანეტაზე საცხოვრებლად.
„ბევრად მეტი ძალა გვაქვს“, – ამბობს კეთრინ უილკინსონი, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებზე წერს, – „ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია“ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.
ამ ფოტოებს რომ დაათვალიერებთ, გაიხსენეთ 2021 წლის ის ამბები, რომელთა იმედიანი დაპირებებიც გამართლდა. გაიხსენეთ ის გულწრფელი მომენტი, როდესაც თქვით: „კარგი, ამოვისუნთქოთ, ესეც გადავიარეთ“. მაგალითად, ახალ ორლეანში ჯებირებმა გაამართლა, გახსოვთ? „კალდორის“ ხანძარმა საუთ-ლეიკ-ტაჰომდე ვერ მიაღწია. დელტა ვარიანტის გამოჩენამდე (ან მისი გამოჩენის მიუხედავად) მილიონობით ჩვენგანი დაუბრუნდა ფიზიკურ სიახლოვეს – ჩახუტებას, ბებიისა და პაპის კოცნას, შვილების სკოლაში გაცილებას.
ამ წელს შევესწარით ტეხასის გამყინვარებას თებერვალში, კანადის რეკორდულ სიცხეს ივნისში, გერმანიისა და ბელგიის მომაკვდინებელ უეცარ წყალდიდობებს ივლისში.
პატარა სპილო, რომელიც რძეს ბოთლიდან ყლუპავს? აქ ბუნების დაცვა კოვიდთან გადაიკვეთა, თანაც ბედნიერი დასასრულით: კენიის ნაკრძალში, სადაც სპილოები ცხოვრობენ, პანდემიის გამო რძის ფხვნილის მიწოდება შეფერხდა. მომვლელებმა რძე ადგილობრივი თხის რძით ჩაანაცვლეს და ახალმა ხელოვნურმა კვებამ დაობლებული სპილოების გადარჩენის კოეფიციენტი გააორმაგა და თითქმის 100 პროცენტამდე გაზარდა.
მაგრამ გვერდების რაოდენობა ამ გამოცემაშიც შეზღუდულია, ამიტომ, ბუნებრივია, ვერ დაიტევდა ყველაფერს, მაგალითად, არ ჩანს 2021 წლის გამორჩეული ადამიანები, ადგილები და მოვლენები: კენიელი ვეტერინარი, რომელიც ველური ბუნების ორ სპეციალისტთან ერთად ხუთი დღის განმავლობაში სატვირთო მანქანების, ინტრავენური თერაპიისა და ქირურგიის დახმარებით მუშაობდა დაჭრილი ავაზის გადარჩენაზე. სამწუხაროდ, ავაზა ნიკოლი, რომელიც კენიელმა გიდმა და ფოტოგრაფმა ნიკოლ სობეკიმ იპოვეს, ვერ გადარჩა. როგორც ჩანს, ჭრილობები სხვა ცხოველმა მიაყენა და არა – მონადირე ადამიანმა ან კონტრაბანდისტმა, თუმცა, მოვლენები სხვაგვარად რომ განვითარებულიყო… ველური ბუნების სერვისის ვეტერინარი იმ დღეს შვებულებაში არ ყოფილიყო ან შემცვლელთა გუნდი უფრო მალე მოსულიყო… ადამიანთა საქმიანობის გამო ავაზების გავრცელების ისტორიული არეალი 90-ზე მეტი პროცენტით არ შემცირებულიყო… ვიტყოდით, რომ, ალბათ, ეს კონკრეტული ავაზა თვითონ, ჩარევის გარეშე, ბუჩქის ძირში უნდა მომკვდარიყო.
სპეციალურ რეპორტაჟში ვერ მოხვდა ვერც ტოკიოს ოლიმპიადა, კერძო კომპანიის კოსმოსური მოგზაურობა, სუეცის არხში გვერდულად გაჭედილი სატვირთო ხომალდი, აშშ-ის პირველი შავკანიანი, აზიელი ამერიკელი ქალი ვიცე-პრეზიდენტის ინაუგურაცია, პრეზიდენტის მკვლელობა და კატასტროფული მიწისძვრა ჰაიტიში, მარსმავალი სახელად Perseverance (შეუპოვრობა), რომელმაც წითელ პლანეტაზე გაიკვალა გზა, 4 ივლისის კვირა მასაჩუსეტსის კეიპ-კოდზე, როდესაც პროვინსტაუნის ბარები და რესტორნები ათიათასობით ადამიანით გადაიჭედა, რადგან დამსვენებლების აზრით ვაქცინაციამ უსაფრთხოება უზრუნველყო.
პროვინსტაუნის დღესასწაულს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მშრალ წერილში უწოდეს „მასშტაბური საჯარო შეკრება ბარნსტეიბლის ოლქში, მასაჩუსეტსში“. ბევრმა ჩვენგანმა სწორედ მაშინ გაიგო, რა იყო ე.წ. „breakthrough infections“ – ვაქცინირებულთა ინფიცირება: პროვინსტაუნიდან დაბრუნებულ ვაქცინირებულ ტურისტებს COVID-19 დაუდასტურდათ. სხვადასხვა შტატში 469 შემთხვევაში მხოლოდ 5 ჰოსპიტალიზაცია დაფიქსირდა და არცერთი გარდაცვალება – ანუ დიახ, ვაქცინა გვიცავს. მიუხედავად ამისა, ის სრულად ვერ აფერხებს ინფიცირებას, ამიტომ ჯერ არ უნდა მოვდუნდეთ.
გორილების საზოგადოება უფრო ჰუმანურია, ვიდრე ჩვენი. მზრუნველია, დალაგებული. ოჯახის ყველა წევრს უვლიან“. – ბრენტ სტირტონი, ფოტოგრაფი
„პანდემია არსად არ აპირებს წასვლას“, – მითხრა პროვინსტაუნში რესტორნის მფლობელმა, რობ ანდერსონმა, როდესაც აგვისტოში ის და მისი კოლეგები მოვიკითხე. „მაგრამ წასვლას არც ჩვენ ვაპირებთ. ბევრად უფრო ძლიერები ვართ. ჩვენსას არ ვთმობთ“.
სხვების არ იყოს, პროვინსტაუნის ეპიდემიის გახმაურების შემდგომ კვირებში ანდერსონის ბიზნესმაც ვარდნა დაიწყო. მითხრა, აბა გაიხსენე, როგორ გადის ბაგირზე მოსიარულე თოკის ბოლოშიო. „რას აკეთებ? წინ იხედები, – მითხრა მან, – და წონასწორობას ინარჩუნებ. ჩვენც ასე ვართ“.
ეს ჩამრჩა: თოკზე მოსიარულე. სწორედ ამაზე ვფიქრობდი – რამდენად გაგვირთულა 2021 წელმა წონასწორობის შენარჩუნება – როდესაც ფოტოგრაფ სტივენ უილქსს დავურეკე, რომელიც ზარის პარალელურად ამ სტატიის გამხსნელ პანორამულ ფოტოს იღებდა. ის მიწიდან 13,7 მეტრ სიმაღლეზე იყო – მისმა გუნდმა ვაშინგტონში ეროვნულ მოლზე ლიფტის აღმართვის უფლება მიიღო. ამ ფოტოების შესაქმნელად – რომელთაც უილქსი „დღიდან ღამემდე“ ფოტოებს უწოდებს – იგი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, ბევრ ფოტოს იღებს და შემდეგ ერთ ფოტოდ აერთებს. ამ კონკრეტული პანორამისთვის იგი 30 საათი იღებდა ვაშინგტონის მონუმენტის ძირში 8 ჰექტარზე გაშლილ ინსტალაციას: თეთრ დროშებს, რომელთაგან თითოეული ასახავდა COVID-19-ით გარდაცვლილ ადამიანს აშშ-ში.
„დროშების ზღვა“, – თქვა უილქსმა.
მოიცა, ზღვა კი არა, დააზუსტა მან. „ისეთ სიმაღლეზე ვარ, ისე ვხედავ, როგორც ადამიანებს. მოკიაფე ვარსკვლავებს მახსენებს“, – თქვა მან.
„პანდემია არსად არ აპირებს წასვლას“, – ამბობს რესტორატორი, რომლის ბიზნესიც დაზარალდა. „მაგრამ წასვლას არც ჩვენ ვაპირებთ. ბევრად უფრო ძლიერები ვართ“.
ეს სამკვირიანი ინსტალაცია ხელოვანმა სიუზან ბრენან ფირსტენბერგმა ვეებერთელა ბადისებურ სტრუქტურად განალაგა ისე, რომ დროშებს შორის ადამიანებს ბილიკებზე სიარული შეძლებოდათ, გარდაცვლილთა სახსოვრად სახელები წაეწერათ და ახალი დროშებიც ჩაერჭოთ სიკვდილიანობის ზრდასთან ერთად. შესასვლელთან დიდ ნიშანზე უახლესი ეროვნული სტატისტიკა ჩანდა – რიცხვებს ფირსტენბერგი ყოველ დღე ხელით აახლებდა. „გუშინ რომ მოვედი, 666 624 იყო, – თქვა უილქსმა, – დღეს…“ – შეყოყმანდა. წარმოვიდგინე, როგორ იდგა თავის პლატფორმაზე, კამერით ხელში და დაშორებული რიცხვების ამოკითხვას მოჭუტული თვალებით ცდილობდა.
„670 032“, – თქვა მან.
გონებაში გამოთვლები გავაკეთეთ.
შუადღის სინათლე რაღაც უცნაურ ელფერს სძენდა მონუმენტს, თქვა უილქსმა: ერთი მხარე კაშკაშა იყო, მეორე – ბნელი. „ლამაზია, – თქვა მან, – და მე მგონი ცაც იწმინდება. საოცარია, მზე რომ გამოდის, თეთრი დროშები ვარვარებს“.
სინთია გორნი National Geographic-ის შტატგარეშე მწერალია. 2021 წლის აპრილის გამოცემაში მან ველურ ბუნებაში ხანძრების ტოქსიკურ გამონაბოლქვზე დაწერა.